გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე, სადაც მოქალაქე მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლებს მდინარეში ყრის, საქმის წარმოება დაიწყო.
სამართალდარღვევა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდა. ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა.
“დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს”,- წერია ზედამხედველობის სამსახურის განცხადებაში.
საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე.
ჯერჯერობით, უცნობია, რატომ გადაყარა წყალში ახალგაზრდა მამაკაცმა ბოთლები.
მიკროავტობუსის მეპატრონის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მეპატრონემ არაფერი იცოდა და მანქანა, უბრალოდ, მეგობრებს ათხოვა.

