ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს ლგბტქ თემის დისკრიმინაციისთვის სასამართლოში უჩივის

ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს ლგბტქ თემის დისკრიმინაციისთვის სასამართლოში უჩივისევროკომისიამ უნგრეთისა და პოლონეთის ზოგიერთი რეგიონის წინააღმდეგ ლგბტქ თემის დისკრიმინაციის გამო სამართლებრივი დავა დაიწყო.

კომისიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ლგბტქ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს. პოლონეთში კი 100-ზე მეტმა რეგიონმა თავი გამოაცხადა „ლგბტქ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად”, რამაც ბლოკში კრიტიკა გამოიწვია.

„ევროპა არასდროს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. თანასწორობა და ღირსებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ძირითადი ფასეულობებია. კომისია გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნგრეთსა და პოლონეთს საპასუხოდ ორი თვე მიეცათ.

ევროკომისიას უფლება აქვს გამოიყენოს სამართლებრივი ზომები წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუ თვლის, რომ ისინი არღვევენ ბლოკის კანონებს. ამ პროცესმა საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ჯარიმების დაწესება.

იპნ