გორის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძე მანქანის დაწვისთვის დააკავეს

გორის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძე მანქანის დაწვისთვის დააკავესპოლიციამ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავა. კახა ბურჯანაძეს ბრალდება სხვისი ნივთის განადგურებას ედავება.

დეპუტატი მანქანის დაწვის ფაქტს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ავტომობილი მისი საკუთრებაა და მხოლოდ დროებით მართვაში ჰქონდა გადაცემული მეპატრონეს.

ბურჯანაძე პოლიციაში თავად მივიდა, გამოკითხვის შემდეგ კი ის დააკავეს. კახა ბურჯანაძე “ევროპული საქართველოს” წევრია.

ადვოკატის თქმით, ბურაჯანაძემ მანქანა იყიდა, მეგობარ ქალს გადასცა და ვეღარ იბრუნებდა.

“გუშინ შუადღის საათებში კახა ბურჯანაძემ დაწვა თავისი ავტომობილი, ამიტომ ჩვენ გამოვცხადდით აღიარებით სამმართველოში. მოხდა კახა ბურჯანაძის დაკავება, გამოძიება მის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. თუმცა ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ მუხლს, რადგან ავტომობილი ეკუთვნოდა კახა ბურჯანაძეს, სამართავად ჰქონდა გადაცემული სხვა ქალბატონს, რომელიც უარს აცხადებდა მანქანის დაბრუნებაზე”, – თქვა ადვოკატმა.
“მთავარის” ინფორმაციით, ქალი, რომელსაც ბურჯანაძე მანქანის დაბრუნებას სთხოვდა ასევე “ევროპული საქართველოს” წევრია.