ხობში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავეს

ხობში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავესსამართალდამცავებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წურწუმია და ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს ორი პირი, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით ედავებიან.

ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, დანარჩენი ორი პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

შემთხვევა ხობში ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მოხდა, სადაც დაკავებული პირები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ.

ნაცემია 3 პოლიციელი.

შემთხვევა გუშინ 25 ივლისს მოხდა.

პოლიციელებმა 4 ახალგაზრდას მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, რამაც ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსიც.

შემთხვევის დროს ბრალდებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.