მაია ცქიტიშვილის მიერ დანიშნულ გრიგოლ მანდარიას სუსი დააკავებს?

მაია ცქიტიშვილის მიერ დანიშნულ გრიგოლ მანდარიას სუსი დააკავებს?სუსში დიდ კორუფციულ სკანდალზე დაკითხვების სერია დილიდან განახლდა. საქმე ეხება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკავებულ თანამშრომლებს.

მივა თუ არა კვალი მაია ცქიტიშვილის დანიშნულ გრიგოლ მანდარიამდე, რომელიც  წყალმომარაგების კომპანიის დირექტორობიდან 2 თვის წინ გადადგა? –  კორუფციული სკანდალი მანდარიას მმართველების პერიოდს ეხება.

გრიგოლ მანდარია თანამდებობაზე 2020 წლის 7 იანვარს დაინიშნა და მან ამ პოსტზე ეკატერინე გალდავა შეცვალა.

– უმჯობესი იქნება, გიგა მანდარიამ გააგრძელოს საქმიანობა წყლის კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო ეკა გალდავასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას სამინისტროს ფარგლებში, – აღნიშნა მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაკავებული თანამშრომლის,  ირაკლი სირაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რეგიონებში წყალმომარაგების ქსელის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერებიდან, ხალხის ფულის 2% ბიზნესს ჩინოვნიკებთან მიჰქონდა. მიდიოდა თუ არა ფული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო კომპანიის დირექტორთან, ჯერ არაა ცნობილი.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები წყალმომარაგების კომპანიაში შევიდნენ. ხელბორკილები საკუთარ კაბინეტში დაადეს  ირაკლი სირაძეს,  ალექსანდრე პატეიშვილსა და მიხეილ ჭაბაშვილს.

დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათ გამოძიება 338-ე და 339-ე მუხლებს ედავება, რაც  წინასწარი შეთანხმებით  ჯგუფის მიერ ქრთამის აღებასა  და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას  გულისხმობს.

ტვ პირველი