რობერტ სტურუა – “გუშინ საოცარი ამბავი შემემთხვა – მამაჩემმა ხმა მომაწვდინა…”

რობერტ სტურუა - "გუშინ საოცარი ამბავი შემემთხვა - მამაჩემმა ხმა მომაწვდინა..."ხვალ, 31 ივლისს, რობერტ სტურუას დაბადების დღეა. რეჟისორი ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

რობერტ სტურუა ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც მისი მამის ნახატებთან არის დაკავშირებული.

„მამის მოლოცვა? გუშინ საოცარი ამბავი შემემთხვა:

ამბროლაურიდან მივდიოდით მესტიაში. სანდომიანმა, ლამაზმა ქართველმა ქალმა სასტუმროში მკითხა:

– ბატონო რობერტ, იცით რომ ამბროლაურის სახვით ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციას მამათქვენის ოთხი ნამუშევარი ამშვენებს?

– სამწუხაროდ, არა… ვუპასუხე და შემრცხვა, რომ არ ვიცოდი – არც გამიგია!

– ოთხი შესანიშნავი პორტრეტი უნდა ყველამ ნახოს!

ღამის ათი საათი იყო! რა ვქნა, შევწუხდი, მუზეუმში დღეს ვეღარ მოვხდები, უკვე დაკეტეს, ხვალ კი დილით ადრე მივემგზავრებით – გზა გრძელი გველის:

ამბროლაური-ზუგდიდი-მესტია! ქალი მიხვდა რამაც ამაღელვა და დამამშვიდა:

– ხვალ დილის ცხრა საათზე მუზეუმს გააღებენ! შეგიძლიათ მიხვიდეთ!

დილის ცხრა საათზე იქ ვიყავი! ქართველი მხატვრების შესანიშნავი კოლექცია დამათვალიერებინა მუზეუმის არაჩვეულებრივმა, თუ არ ვცდები, დირექტორმა, მხატვარმა ბატონმა ბესომ.

მამაჩემის ნახატებიც მომეწონა: სამი ჩემი ბიძაშვილის, ლილიკო ბოლქვაძის პორტრეტი და ერთი კი ჩემი დის!

და როცა დღეს ფოტოებს ვასწორებდი, უეცრად იდუმალმა, თითქმის მისტიკურმა ფიქრმა გამინათა გონება:

ხვალ ხომ ჩემი დაბადების დღეა და მამაჩემმა, მხატვარმა რობერტ სტურუამ, ხმა მომაწვდინა! მადლობა, რობერტ! (ასე ვეძახდი და ვეძახი მშობელს!) მადლობა!”

პრაიმ ტაიმი