რომელია კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოცემა, რომელიც კრემლის სამიზნე გახდა

რომელია კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოცემა, რომელიც კრემლის სამიზნე გახდა28 ივლისის დილას, დამოუკიდებელი გამოცემა The Insider-ის მთავარი რედაქტორის რომან დობროხოტოვის და მისი მშობლების სახლებში რუსმა სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ფორმალური მიზეზი ცილისწამების შესახებ მიმდინარე გამოძიება გახდა. დობროხოტოვს ჰოლანდიელი ბლოგერი მაქს ვან დერ ვერფი უჩივის.  1 წლის წინ,  The Insider-ის მთავარმა რედაქტორმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ჰოლანდიელი, რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობს და „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების თემაზე დეზინფორმაციას ავრცელებს.

რომან დობროხოტოვი ამ დროისთვის მოწმის სტატუსით სარგებლობს. რამდენიმე საათიანი ჩხრეკის და დაკითხვის შემდეგ ის სახლში გაუშვეს. მას კომპიუტერული ტექნიკა და საზღვარგარეთის პასპორტი ჩამოართვეს. გუშინ ის ჟურნალისტური საქმიანობის განხორცილების მიზნით, საზღვარგარეთ უნდა გაფრენილიყო, თუმცა მას ხელი შეეშალა.

„ჩემი აზრით, აბსოლუტურად გასაგებია, რომ გამომძიებლებს  ოფიციალური გამოძიება არ აინტერესებდათ, რადგან საქმე ეხება რაღაც შარშანდელ „ტვიტს“. ჩემს „ტვიტში“ გამოთქმული იყო მოსაზრება ერთ ჰოლანდიელ ბლოგერზე, ეს „ტვიტი“ უკვე აღარც არსებობს. ეს ისტორია უცებ გაახსენდათ იმისთვის, რომ  გამოძიება დაეწყოთ ცილისწამების შესახებ და მაშინვე გაჩხრიკეს სამი ბინა. ამოიღეს ყველა კომპიუტერი, ყველა ტელეფონი, ორი პასპორტი. ცილისწამების შესახებ სხვა არც ერთი საქმე არ ვიცი, სადაც სამართალდამცველები ასე მოქმედებდნენ. რაში სჭირდებათ ჩემი საზღვარგარეთის პასპორტი? რას იკვლევენ მასში, თუ კი ცილისწამების საქმეზე მუშაობენ? გასაგები ხდება, ეს არის უბრალოდ ზეწოლის ფორმა იმის გასარკვევად, თუ რა წყაროები მაქვს, რომ The Insider-ის კონტაქტებზე გავიდნენ ჩემი გაჯეტების მეშვეობით და რომ მუშაობაში ხელი შეგვიშალონ“- თქვა დობროხოტოვმა „Дождь“-ის ეთერში.

The Insider-მა, რუსული „ბუკით“  „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების დასამტკიცებლად და კრემლის დეზინფორმაციის გასაბათილებლად, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამოცემა წერდა არა მხოლოდ კრემლის მხრიდან უკრაინელი სეპარატისტების სამხედრო დახმარებაზე, არამედ იმ პროპაგანდაზეც, რომელსაც მოსკოვი თავისი დანაშაულის კვალის წასაშლელად იყენებდა. ჟურნალისტური გამოძიების  შედეგად გაირკვა, რომ მაქს ვან დერ ვერფის მიერ შექმნილ Bonanza Media-ს კავშირი ჰქონდა ГРУ-სთან. ჟურნალისტებმა მოიპოვეს სხვა და სხვა დოკუმენტები და გაარკვიეს, რომ Bonanza media-ს თანამშრომლები, რომლებიც „ბოინგ MH17”-ის შესახებ ფეიკებს ქმნიდნენ და ავრცელებდნენ, ГРУ-ს ხელმძღვანელობით და კონტროლის ქვეშ მუშაობდნენ, რისთვისაც შესაბამის ანაზღაურებასაც იღებდნენ. ამას გარდა, გაირკვა, რომ რუსულმა სპეცსამსახურმა მოაწყო Bonanza media-ს თანამშრომლების გამგზავრება დონბასში.

რომელია კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოცემა, რომელიც კრემლის სამიზნე გახდაBonanza media  ევროპული მედია პროექტია, რომელიც 2019 წელს RT-ს ყოფილმა ჟურნალისტმა იანა ერლაშოვამ და ჰოლანდიელმა ბლოგერმა მაქს ვან დერ ვერფმა შექმნეს. ეს პროექტი კონკრეტულად „ბოინგ MH17“-ის ჩამოგდების ალტერნატიული ვერსიების გამოსაქვეყნებლად შეიქმნა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, ჰოლანდიელი ბლოგერი ახლა რომან დობროხოტოვს რუსეთის კანონმდებლობის მეშვეობით უჩივის, ხოლო კრემლი, ამ შანსს ხელიდან არ უშვებს. მთავარი ის არის, რომ The Insider-ის და მისი რედაქციის გაჩუმება ახლა რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. სწორედ ამიტომაც, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 23 ივლისს, The Insider იმ მედია საშუალებების რეესტრში შეიყვანეს, რომლებიც უცხოური აგენტების ფუნქციას ასრულებენ. ეს გამოცემა ლატვიაშია დარეგისტრირებული და რუსეთში Bellingcat-ის  პარტნიორია. ისინი ერთობლივად ატარებდნენ ჟურნალისტურ გამოძიებებს სკრიპალების და ალექსეი ნავალნის მოწამვლის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის და სხვა გახმაურებული საქმეების შესახებ, რომლებშიც მკაფიოდ ჩანდა რუსეთის სპეცსამსახურების და კრემლის ჩართულობა. მიუხედავად უცხოურ აგენტად დასახელებისა, მთავარმა რედაქტორმა დობროხოტოვმა განაცხადა, რომ რედაქცია არ გაუკეთებს თავის მასალებს მოთხოვნილ მარკირებას, რადგან ის ლატვიაშია დაფუძნებული და მის დაჯარიმებას რუსეთის ხელისუფლება ვერ მოახერხებს.  “The Insider ლატვიური გამოცემაა. The Insider-ს არ აინტერესებს რა უნდა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს. რუსეთში გამოცემას წარმომადგენლობა არა აქვს, ამიტომ  ამ გიჟური კანონების მოქმედება  The Insider-ზე არ ვრცელდება, The Insider იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა.“ თუმცა, მან მაშინვე ივარაუდა, რომ მას და მისი რედაქციის სხვა ჟურნალისტებს უკონტროლო დევნას დაუწყებენ. ამაზე საუბრისას მან ყველასთვის გასაგები სიტყვები „могут начать преследовать по беспределу” გამოიყენა.

ბოლო დღეების განმავლობაში The Insider უკვე მეოთხე გამოცემა გახდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების დარტყმის სამიზნე აღმოჩნდა. 2021 წლის დასაწყისიდან უცხოური აგენტების სია ორჯერ გაიზარდა. ბოლო დროს, რუსეთში  უცხოური აგენტების საქმიანობის შესახებ კანონის აღსრულება სწორედ დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გააქტიურდა. ეს მედიები  თავისუფალი სიტყვის „კუნძულებად“ არის შემორჩენილი. ამ დროისთვის უცხოური აგენტების რეესტრში 16 გამოცემა და 18 ფიზიკური პირია. უცხოურ აგენტებად მიჩნეულ მედიებს ევალებათ ყოველ მასალას, იქნება ის ტექსტუალური, აუდიო თუ ვიდეო თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული, გაუკეთონ მარკირება იმის შესახებ, რომ ის უცხოური აგენტის ფუნქციის შემსრულებლის მიერ არის მომზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედია ყოველი დარღვევისთვის დაჯარიმდება და შემდეგ დაიბლოკება. ასევე, ჟურნალისტებმა, თავისი ფინანსირების წყაროების შესახებ ინფორმაცია, იუსტიციის სამინისტროში, ყოველკვარტლურად უნდა წარადგინონ.

ნინო სახვაძე