სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს და უკრაინის 2 მოქალაქეს 4 წელი მიესაჯათ

სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს და უკრაინის 2 მოქალაქეს 4 წელი მიესაჯათბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩს, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა.

დაკავებულების უფლებადამცველების თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები “ქართული ოცნების” მძევლები არიან. მათივე თქმით, ისინი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის უფლებით იმყოფებოდნენ, რაც ნებადართულია ნებისმიერი არასამხედრო გემისთვის.

ადვოკატების მტკიცებით, ისინი შეაჩერეს და ყოველგვარი განმარტების გარეშე უკანონოდ დააკავეს.

“დღეს მოსამართლე მამისეიშვილმა, რომელსაც რთულია უწოდო მოსამართლე, ეს არის ხელისუფლების ნების უპირობო შემსრულებელი, მიიღო გადაწყვეტილება და გაამტყუნა უკრაინელი მეზღვაურები და სახელმწიფო დაცვის მაიორი მიხეილ ბატურინი, სრულიად აბსურდულ ბრალდებაში. ჩვენ მოსამართლეს დავუსვით კითხვა, რომელ ნორმაზე დაყრდნობით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებას, მისი პასუხი იყო დაგვეტოვებინა დარბაზი. ეს არ იყო სასამართლო პროცესი, თავიდან ბოლომდე ფარსი იყო. მამისეიშვილი მურუსიძე – ჩინჩალაძის კლანის ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ რეგიონში. საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია, ჩვენ სამართლებრივ პროცედურებს მივმართავთ. მათი გათავისუფლება ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და არა მართლმსაჯულებაზე, რადგან იღლიაშია მართლმსაჯულება ამოდებული” , – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სასამართლო პროცესის პარალელურად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სასამართლოს შენობასთან იმყოფებოდნენ.