“შემეშინდა და კაბა გავიხადე, სახესა და ტუჩის მიდამოში მკბენდა” – შშმ ქალი გურჯაანში მეზობელს გაუპატიურების მცდელობას აბრალებს

"შემეშინდა და კაბა გავიხადე, სახესა და ტუჩის მიდამოში მკბენდა" - შშმ ქალი გურჯაანში მეზობელს გაუპატიურების მცდელობას აბრალებსგურჯაანში 41 წლის კაცს 33 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

დაზარალებული ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კარის მეზობელი მის  სახლში შეიჭრა და ადგილიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა.

ქალი აღნიშნავს, რომ მოძალადე მეზობელი ემუქრებოდა და ტანსაცმლის გახდას აიძულებდა. პოლიციამ 41 წლის კაცს ბორკილები მაშინ დაადო, როცა ქალი ჯერ კიდევ მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

– ძალით წამიყვანა, მეუბნებოდა, თუ იმას არ გააკეთებ, რაც მინდა, შენ და დედაშენს მოგკლავთო. შემეშინდა და მე თვითონ გავიხადე ტანსაცმელი. სახესა და ტუჩის მიდამოში მკბენდა, – ამბობს დაზარალებული ტელეკომპანია “გურჯაანთან”.
ქალს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება, მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

სავარაუდო მოძალადე დაზარალებულის დედის გამოძახების საფუძველზე დააკავეს.

– წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა, მამაკაცს როგორ დავიმორჩილებდი?! ჩემი შვილი შშმ პირია, მინდა, მოძალადე კანონის წინაშე დაისაჯოს, – აცხადებს ტელეკომპანია “გურჯაანთან” დაშავებულის დედა.
დაზარალებულის ინტერესებს იურისტი, ლია ხუროშვილი, იცავს. სავარაუდო მოძალადის ახლობლები დაშავებულს საჩივრის გამოტანას და საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებას სთხოვენ.

– ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ეს არის წინასწარი შეცნობით ჩადენილი დანაშაული, რადგან შშმ პირთან ჩადენილი ამდაგვარი ქმედება დანაშაულის სიმძიმეს უფრო ამძიმებს. იმის ნაცვლად, რომ კარის მეზობელი დაეცვა, კაცი თავად ახორციელებდა მასზე ძალადობას, – ამბობს ადვოკატი.
ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი უტიაშვილის, თქმით, საუბარია გაუპატიურების მცდელობაზე.

გამოძიება გაუპატიურების  მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  სასამართლომ ქალს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა.

ტვ პირველი