თბილისში ფეხბურთის მწვრთნელი 7-8 წლის ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა

თბილისში ფეხბურთის მწვრთნელი 7-8 წლის ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდათბილისში ფეხბურთის მწვრთნელი 7-8 წლის ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა. საქმეში არაერთი არასრულწლოვანი ფიგურირებს, პედოფილიაში მხილებული ფეხბურთის მწვრთნელი კი უკვე 8-წლიან სასჯელს იხდის.

საუბარია ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელზე, რომელიც 7-დან 10 წლამდე ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით გაასამართლეს.

როდესაც ამბავი გამოაშკარავდა, ეს ბავშვები 14-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ, მათ მიმართ სექსუალური ძალადობა მოხდა მაშინ, როცა ისინი  7-8 წლისანი იყვნენ.

10-11 წლის ასაკში ეს ქმედებები შეწყდა, მაგრამ ბავშვები დიდხანს მალავდნენ მომხდარს. დანაშაული გაუხსნელი  დარჩებოდა, მაგრამ ერთ-ერთი დაზარალებული ბავშვის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი უმცროსი ბიჭიც მიეყვანათ იმავე ფეხბურთის მწვრთნელთან, რასაც უფროსი შვილის კატეგორიული წინააღმდეგობა მოჰყვა. როდესაც მშობლები დაინტერესდნენ მიზეზით, ბავშვი უკვე იძულებული გახდა, რომ ეთქვა, – როდესაც პატარა ვიყავი, ასეთ რაღაცას მიკეთებდაო – ფეხბურთის მწვრთნელი მას აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს, უშუალოდ მასთან კი ორალური სქესობრივი კავშირი ჰქონდა.

მწვრთნელი ამ ყველაფერს ტელეფონით იწერდა. სავარაუდოდ, ბავშვების დასაშანტაჟებლად.

როდესაც ეს ბავშვი იძულებული გახდა, ოჯახში გაემხილა მომხდარი, მისი ახლობელი მივიდა ამ მწვრთნელთან და ყელში დანა გამოუსვა. ეს პიროვნება გადარჩა, თუმცა დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ბრალდებულმა მოსამართლის წინაშე დანაშაული აღიარა, მაგრამ ამბობდა – მე მათზე იმხელა ამაგი მაქვს, ამ ყველაფერს არ ვიმსახურებო.

ბრალდებულს ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, აღმოჩნდა, რომ ის სავსებით გაცნობიერებულად მოქმედებდა და სრულიად შერაცხადი იყო. თუმცა ამბობდა, – მე ამ ბავშვებს ზედ გადავყევი და მადლობა ასე უნდა გადამიხადონო?!

ის ბავშვებს ეუბნებოდათ, ეს არის რიტუალი და თუ გინდა, გახდე კარგი ფეხბურთელი, ეს უნდა გააკეთოო, მათაც  სჯეროდათ, რომ ეს იყო გუნდში მიღების რაღაც რიტუალი და მათი წარმატებული საფეხბურთო კარიერის გასაღები.

პრაიმ ტაიმი