თეა გვასალია – “მანქანაც ისეთი მყავს, რომ ესპანურად მელაპარაკება…”

თეა გვასალია - "მანქანაც ისეთი მყავს, რომ ესპანურად მელაპარაკება..."თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:

“როგორც ვასიკო კეჟერაძის ცხოვრებაში ყველაფერი ლიტერატურას, წიგნებს და მათ გმირებს უკავშირდებოდა, ისეა ჩემთვის ესპანეთი და ესპანური. მას რომ დიდჯიბეებიანი ტანსაცმელი მოსწონდა, წიგნი თავისუფლად ჩაეტევაო, მე მანქანაც ისეთი მყავს, რომ ესპანურად მელაპარაკება. ხან ის მეტყვის რაღაცას მექსიკური აქცენტით, რომელიც დიდად არ მომწონს, მაგრამ ინგლისურ და გერმანულ ბორტკომპიუტერს კი მირჩევნია, ხან მე ვუბრძანებ რამეს და მისრულებს სიტყვის შეუბრუნებლად .

ერთადერთი, რასაც ვერ გადავაჩვიე, საჭესთან რომ ვარ და ვინმეს მესიჯი მომდის, ჯერ ხომ შემომიჩნდება, წაგიკითხავო და რომ ვეუბნები, დამანებე თავი, მე თვითონ ვნახავ მეთქი, მეუბნება, მივწეროთ, რომ არ გცალიაო. ვეხვეწები, არ გინდა, ვინ გაიგებს შენს მექსიკურ ესპანურს თქო, მაგრამ არ იშლის თავისას და რანაირად ასწრებს უჩემოდ პასუხის გაგზავნას, ვერ ვხვდები . ასე რომ, რომელიმე თქვენგანს, ჩემი ნომრიდან გამოგზავნილი უსტარი თუ მოგივიდათ, No puedo contestar, estoy manejando (ვერ გპასუხობთ, საჭესთან ვარ), და თეა გვასალიას ნაცვლად My Rouge აწერს ხელს, იცოდეთ, რომ ჩემი მეტიჩარა მანქანა გემესიჯებათ.”