“გახარიას პარტიამ 10% რომ აიღოს, მისთვის ეს ტრიუმფი იქნება” – სოსო ცინცაძე

"გახარიას პარტიამ 10% რომ აიღოს, მისთვის ეს ტრიუმფი იქნება" - სოსო ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ  ოპოზიციამ ვერ შექმნა ნათელი სურათი, თუ რა იქნება არჩევნების შემდეგ:

– საუბრობენ კოალიციურ მთავრობაზე, მაგრამ უხსნიან მოქალაქეებს, რას ნიშნავს, რას გულისხმობს კოალიციური მთავრობა? კოალიციური მმართველობა ადვილად იშლება და ის მყიფე მმართველობაა. ამას ოპოზიციამ სერიოზული არგუმენტი არ დაუპირისპირა. არადა, ასეთი უამრავი არგუმენტის მოტანა შეიძლებოდა ევროპის ქვეყნების მაგალითზე.

– რას შეცვლის ამ პროცესში გიორგი გახარია?

– გახარიამ შეიძლება სიურპრიზი მოუწყოს ყველას – “ოცნებასაც” და ოპოზიციასაც. ბევრი ამომრჩეველია ისეთი, რომელიც ხმამაღლა არ ამბობს, რომ გახარიას მომხრეა. არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა, რაც გახარიასთვის დიდი ვადაა. ნელ-ნელა ის იკავებს ნანატრი მესამე ძალის ნიშას, რის საფუძველსაც მას თავისი ჩუმი მომხრეები აძლევენ.

– დაახლოებით რამდენ პროცენტს აიღებს?

– არ გამოვრიცხავ, ორნიშნა მაჩვენებლიანი შედეგიც კი დადოს. ახლა მისთვის მთავარია, არ დამარცხდეს. დამარცხება იქნება 2-3%-იან პარტიებთან გათანაბრება.

თუ სოლიდურ მაჩვენებელს აჩვენებს და დაახლოებით 10%-ს აიღებს, ეს ნამდვილად იქნება ტრიუმფი ახალი პარტიისთვის. ეს უკვე რეალური მესამე ძალის ნიშანი იქნება.

– რამდენად სწორად მოქმედებს?     

– ჯერ სწორად მოქმედებს, სწორი ტაქტიკა აქვს შერჩეული. ხმამაღლა არ ამბობს, რომ მთავრობას შეცვლის, ზედმეტი განცხადებებით არ გამოდის, ზედმეტადაც არ ჩანს, თითქოს თბილისში არც არის, რეგიონებშია გასული. ეს სწორი პოზიციაა მისი მხრიდან.

“ოცნების” რეიტინგის მატება გამორიცხულია. თუ ვინმე სურათს შეცვლის, ამის სერიოზული პრეტენზია გახარიას ექნება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა