იოსებ ჭუმბურიძე ვახო სანაიას – “მიჩვეული ხართ სპეკულაციებს – ჯერ საკუთარი ძმით, ახლა – საკუთარი შვილით…”

იოსებ ჭუმბურიძე ვახო სანაიას - "მიჩვეული ხართ სპეკულაციებს - ჯერ საკუთარი ძმით, ახლა - საკუთარი შვილით..."იოსებ ჭუმბურიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ღია წერილი ვახო სანაიას.
***
მინდოდა, ვახტანგი დამეწერა.
ვერ დავწერე.
***
გუშინ მოვუსმინე ვატო შაქარიშვილს.
ძალიან მწარე სიტყვებით დაგახასიათათ.
არა აქვს მნიშვნელობა, დავეთანხმებით თუ არა.
ან რა დოზით დავეთანხმებით.
მთავარია, რომ ითქვა.
რა ითქვა?
ის, რომ მიჩვეული ხართ სპეკულაციებს – ჯერ საკუთარი ძმით, ახლა – საკუთარი შვილით.
შვილთან გავჩერდეთ.
ყველაზე საკრალურთან.
***
ერთ დილით, საკუთარი სახლის სადარბაზოში, ლიფტთან დამხვდა ორი გაწვრთნილი ჯალათი. ჩემი მეუღლე და შვილი გაატარეს, მე კი კუთხეში მიმიმწყვდიეს და უწყალოდ მცემეს. მცემეს დასნებოვნებული კასტეტებით. ასეთი დავალება ჰქონდათ: არ უნდა მოვეკალით, მაგრამ C – ჰეპატიტი უნდა შემყროდა.
საბედნიეროდ, B შემეყარა. კარგა ხანს ვმკურნალობდი.
***
რას მერჩოდნენ?!
იმას, რომ გამომცემლობა „სამშობლოს” ხელში ჩაგდებაც სურდათ. მე კი ხელს ვუშლიდი, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად.
ერთად კი ვიბრძოდით, მაგრამ პუბლიკაციების ავტორი, ძირითადად, მე ვიყავი – გაზეთ „თბილისის” რედაქტორი.
ეს ის დროა, როცა შევარდნაძის ხელისუფლება სულს ღაფავს, სააკაშვილი კი უკვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეა და „დიდი ნახტომისთვის” ემზადება.
შევარდნაძემ პირდაპირ ეთერში დაავალა გენერალურ პროკურორს საქმის უსწრაფესად გამოძიება.
იმ დღესვე დამიკავშირდა ისნის რაიონის პროკურორი ვაჟა აბაკელია.
ბატონო სოსო, დიდ პატივს გცემთ და ყველაფერს გავაკეთებო.
მე მხოლოდ გამეცინა.
***
თქვენ მაშინ პატარა ბიჭი იქნებოდით(ალბათ, სტუდენტი!).
თქვენი დღევანდელი ქომაგი ინგა გრიგოლია კი – უკვე ცნობილი ჟურნალისტი.
იმის შემდეგ თუ მოაკლდა, თორემ არაფერი მომატებია.
ჩემი ამბავი „არც გაუგია”(?!).
***
მესმის, რომ თქვენმა პატარამ იმ დღეს, თქვენ რომ თავს დაგესხნენ, გაუცნობიერებლად მიიღო სტრესი, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, ჩემი ათი წლის ბიჭი, რომელმაც თითქმის სრულად გააცნობიერა, თუ რა უწყალოდ უცემეს მამა.
***
სხვათა შორის და საბედნიეროდ, მის ცნობიერებაზე ეს
ამბავი უარყოფითად არ ასახულა. ორი წლის შემდეგ, პირველი „ყველაზე ჭკვიანი” გახდა, შემდეგ ორჯერ მოიგო „ეტალონი”, გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი; მოგვიანებით კი თბილისში ფილოსოფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა, ხოლო სულ ახლახან, ავსტრიაში – მაგისტრის ხარისხი.
***
თქვენს პატარასაც დიდ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ.
***
ოღონდ, ახლა იმაზეც უნდა იფიქროთ, თუ რას ეტყვიან
თქვენს ბიჭს, როცა გაიზრდება.
ცნობილი აზრია: შვილმა უნდა იცოდეს, სად გაჩერდა მამა,
მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ ზნეობრივი არჩევანისას, სად არ გაჩერდა მამა.
***
გაიხსენეთ „უფალო, შეუნდე”…
გაიხსენეთ ოლღა გურამიშვილის ზნეობრივი მაგალითი.
გაიხსენეთ და გაჩერდით.
ოლღას უსმინეთ და არა ინგას.”