სასტიკი მკვლელობა თბილისში – 42 წლის კასპში მცხოვრები მამაკაცი საკონდიტრო კომპანიის ოფისში ყელგამოჭრილი იპოვეს. გარდაცვლილი ნაწამებია, გამოჭრილი აქვს ყელი და სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება.
დანაშაული, სავარუდოდ, კომპანიის დაცვის თანმშრომელმა ჩაიდინა.
მოკლული გიორგი ბასიაშვილი წლების განმავლობაში თბილისში ერთ-ერთ ტკბილეულის ქარხანაში მუშაობდა. ახალგაზრდა კაცს დაცვის თანამშრომელმა ჯერ თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.
მკვლელობას წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირება.
ცხედარი მშობლიურ ქალაქს კასპში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენ.
“ერთმანეთს ვერ იტანდნენ და იმ ბიჭს მოუკლია, ჩაქუჩი თავში დაურტყამს, ასე იძახიან. თბილისში მუშაობდა”, – ამბობს ადგილობრივი.
მოკლული კასპში სამ მცირეწლოვანათან და ცოლთან ერთად ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდეული – 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

