“ლელოს მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელება გაუაზრებელი იყო” – ვახტანგ ძაბირაძე

"ლელოს მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელება გაუაზრებელი იყო" - ვახტანგ ძაბირაძეპოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საზოგადოებას არ სჯერა არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების.

– ამ რეალობის ერთი ძალიან მარტივი მაგალითი “ლელოს” მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ვგულისხმობ მათ მიერ დასახელებულ მერობის კანდიდატსა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატს.

– რით ხსნით თქვენ ამ გადაწყვეტილებას?

– ეს არის სრულიად გაუგებარი, აუხსნელი გადაწყვეტილება. ეს უფრო ჰგავს მოვალეობის მოხდის მიზნით გადადგმულ ნაბიჯს. კითხვა ჩნდება – რატომ არა ჯაფარიძე მერის პოსტზე?! და რატომ საკრებულოს თავმჯდომარედ.

– შეიძლება, ნიკა მელიას გაუწიეს ანგარიში.

– მაშინ ეს უფრო კარგად და დამაჯერებლად უნდა იყოს ამომრჩევლისთვის ახსნილი. მიუხედავად ყველაფრისა, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატობა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მაინც აუხსნელია. ეს ყველაფერი გაუთვლელი და გაუაზრებელი ტაქტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს.

– არჩევნებზე როგორ აქტივობას ელოდებით?

– ამომრჩევლის 50%-ზე მეტი მივა არჩევნებზე. დაახლოებით მილიონ-ნახევარ ამომრჩევლამდე ალბათ მივა, თუმცა არჩევნებზე უფრო არ მივა ოპოზიციური ელექტორატი, ვიდრე სახელისუფლებო.

ერთი, რაც ფაქტია, ის არის, რომ “ქართული ოცნება” დღეს ძალაუფლებას არსებული ოპოზიციის ხარჯზე ინარჩუნებს. ინარჩუნებს იმიტომ, რომ დღეს ოპოზიციისადმი ნდობა ელექტორატს არ აქვს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა