რამდენიმე დღის წინ, ბორჯომში მომხდარი მკვლელობის შესახებ “პრაიმტაიმისთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.
მკვლელობაში ბრალდებულ სასულიერო პირს, მამა ანტონს, ერისკაცობაში კი გიორგი მაისურაძეს მოკლულ ლევან ნამგალაძესთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა, მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
საბედისწერო დღემდე, სანამ მამა ანტონი დაახლოებით, 2 კვირის წინ ბორჯომში იყო ჩასული. ისინი ერთმანეთს სუფრასთან შეხვდნენ. იმავე სუფრის წევრი, რომელიც ვინაობის დაკონკრეტებისგან გასაგები მიზეზების გამო თავს იკავებს, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სასულიერო პირს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი შეეპარა, რადგან მონასტრიდან მშობლიურ ქალაქში ხშირად იპარებოდა და ხშირად, არაადეკვატურად საუბრობდა, იყო აგრესიულიც.
ამის მიზეზად ნამგალაძისა და მამა ანტონის საერთო მეგობარი წარსულში სასულიერო პირის ნარკოდამოკიდებულებას ასახელებს.
“მამა ანტონი ამ საბედისწეროდ დღემდე, 2 კვირის წინაც ვნახეთ, წალკის მონასტრიდან ბორჯომში იყო გამოპარული. მანამდეც ხშირად იპარებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, ყოველი შეხვედრისას ვსაუბრობდით ხოლმე, თუმცა მამა ანტონი საკმაოდ არაადეკვატური იყო, აგრესიულად საუბრობდა, მერე უცბად დამშვიდდებოდა და კომუნიკაციას ისევ ჩვეულებრივ აგრძელებდა. ბიჭები ვამბობდით კიდეც, გაუბერაო.
მის ამ საქციელს წარსულში ნარკოდამოკიდებულებას დავუკავშირეთ. მისი სასულიერო ცხოვრების დაწყებაც ნარკოტიკებისგან თავის დაღწევას ემსახურებოდა. თავად სწამდა, რომ თუ ეკლესიაში იცხოვრებდა, მაშინ მარტივად შეძლებდა ამ პრობლემასთან გამკლავებას.
რაც შეეხება იმ დღეს, როცა ლევანი მოგვიკლა, როგორც ვიცი, ლიკანში ერთად იქეიფეს, იქიდან წამოსული ლევანს მარიხუანას შოვნას სთხოვდა. ლევანისთვის ის მეგობარი იყო, მაგრამ, პირველ რიგში, სასულიერო პირი და ამაზე წაკამათდნენ.
ლევანმა ამ მიზეზის გამო სუფრა მალევე დატოვა. თუმცა, მამა ანტონმა მასთან რეკვა განაგრძო და წაკამათდნენ. როგორც გავიგე, ბოლო საუბრისას უთქვამს, შენს სახლთან ვარ და ქვემოთ გელოდები, პასუხი უნდა მოგთხოვო, უარი როგორ მითხარიო.
მამა ანტონი ბოლო პერიოდში დანით ჩნდებოდა ხოლმე. ამბობდა, ბერი ვარ, ხან შეშისთვის მჭირდება და ხან სხვა მიზეზითო… ალბათ, ლევანი თავისი ოჯახის წევრების განერვიულებას მოერიდა და მას შეხვდა. სამწუხაროდ, ერთ დროს, მეგობრების შეხვედრა სასიკვდილო დაჭრით დასრულდა…” – ამბობს მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებული ბერის მეგობარი.
პრაიმ ტაიმი

