“ისრაელში კოვიდის სასწაულმოქმედი პრეპარატი იქმნება”- რას ყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი

"ისრაელში კოვიდის სასწაულმოქმედი პრეპარატი იქმნება"- რას ყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმიჩვენი თანამემამულე ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე, რომელიც ამჟამად თელ-ავივის ახლოს კერძო კლინიკა “ასუტაში” მუშაობს, ისრაელში შექმნილ პანდემიურ ვითარებაზე გვიამბობს:

– ისრაელმა მესამე, ბუსტერული აცრა დაიწყო 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში. ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწო­დებს, ვინც არ არის აცრილი, ვაქცინა მათ გადავუნაწილოთო. საბედნიეროდ, საქართველოში შემოვიდა “ფაიზერი” და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ყველას მოგიწოდებთ აცრისკენ. იდეალური გამოსავალი არ არის, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს და გამოვიყენოთ ეს შანსი.

– აცრილებში დაავადების სიმძიმე როგორია, არის გართულებები?
– გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს.­ ზუსტად ამაშია აცრის უპირატესობა და ამიტომ ვეწევი პროპაგანდას. ვაქცინა უმთავრესია, რა თქმა უნდა, პირბადე-ჰიგიენა-დისტანციასთან ერთად. დღეს აცრილებში სიკვდილიანობა ძალიან მცირეა.

– რა გახდა ისრაელში კოვიდვითარების გაუარესების მიზეზი?
– ბავშვები, რომლებიც აუცრელი და ადვილად გადამტანები არიან, მოგზაურობა და დელტა-შტამის თავისებურება. თუ ალფა-შტამი 4 პაციენტზე გადადიოდა, დელტა 8-12-ზე გადადის, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

– ისრაელში EXO-CD24-მა კარგი შედეგი აჩვენა. რა ფაზაშია კვლევა­ და არის თუ არა იმედი, რომ გაამართლებს?
– საბედნიეროდ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა პრეპარატის გაფართოებული კვლევა. პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა – პაციენტების 95%-ზე მეტს რამდენიმე ხანში მოეხსნა სუნთქვითი პრობლემები, ციტოკინური შტორმი. მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პრეპარატი მალე წამოგვეწევა. ახლა ექსტრემალური პირობები გვაქვს, ალბათ, დაჩქარდება კვლევა.
პრეპარატი, რომლის გამოცდაც ახლა მიდის, სასწაულმოქმედი იქნება. ადვილად ასატანია პაციენტისთვის – მისი მიღება შესუნთქვით, ინჰალაციით ხდება.

„კვირის პალიტრა“