“ქალი გონდაკარგული წაიყვანეს, სისხლით იყო დასვრილი” – მაკა მაისურაძის დაჭრისთვის დავით დვალიძე დააკავეს

"ქალი გონდაკარგული წაიყვანეს, სისხლით იყო დასვრილი" - მაკა მაისურაძის დაჭრისთვის დავით დვალიძე დააკავესნაძალადევის რაიონში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაშავებული საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

“კურიერის” ინფორმაციით, 36 წლის დავით დვალიძემ ახალგაზრდა ქალს 20-მდე ჭრილობა მიაყენა.

ქალს ნაძალადევის რაიონში ოთახი ჰქონდა ნაქირავები, შემთხვევა სწორედ იქ მოხდა.

დაზარალებული მაკა მაისურაძე სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას ბრალდებული აედევნა, რასაც სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა.

შემთხვევა დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაჭრილი ქალი ოთახიდან გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა,  მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“გოგონა წაიყვანეს გონებადაკარგული. ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, გადაიყვანეს საავადმყოფოში. დასვრილი იყო სისხლისგან,“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.