„როგორც ვიცი, ზურაბ ზვიადაური იქ იყო თავიდანვე“ – მოკლული კენჭოშვილის მამა

„როგორც ვიცი, ზურაბ ზვიადაური იქ იყო თავიდანვე“ - მოკლული კენჭოშვილის მამაწინანდალში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური, მუხიანის ტყეში თავიდანვე, ინცინდენტის დაწყებისთანავე, იყო.

ჩემი ინფორმაციით, ზვიადაური იქ თავიდანვე (სანამ სროლა დაიწყებოდა) იყო. თვითმხილველებმა ასე მითხრეს. ტყუილია ის ინფორმაციაც, რომ ჩემი შვილი ზვიადაურმა მიიყვანა, ნიკა საავადმყოფოში გოგა და გაგა კენჭოშვილებმა გადაიყვანეს”- თქვა “ტვ პირველთან” ნიკა კენჭოშვილის მამამ.
რაც შეეხება კონფლიქტის დაწყების მიზეზს, გარდაცვლილის მამა ,,პირველებთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად მუშებს შორის დაიწყო, რა დროსაც ერთმა მხარემ იმ მშენებლობის “პრარაბი” სცემა, რომელ ჯგუფშიც ნიკა კენჭოშვილი შედიოდა.

გარდაცვლილის მამის მტკიცებით, პირველი ფიზიკური დაპირისპირებისას, როცა ვინმე ვატო სცემეს, მისი შვილი დაბლა სართულზე იყო და კონფლიქტში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ნაცემი “პრარაბი” სიმაღლიდან დააგორეს:

„მე როგორც ვიცი, ფიცარზე მოზელილი ალიზის გამო დაიწყო ჩხუბი, რატომ მოზილეთ ამაზე, ჩვენიაო და ამის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა. იქ ჩემს ბიჭს ახლდა ფირმის წარმომადგენელი ვატო. ვატო იყო ერთ-ერთი, რომელსაც დაარტყეს. დაბლა გადავარდნილა, შემდეგ ჩაერთო ნიკა ამ პროცესში. ჩემი შვილი ამ დროს დაბლა მუშაბდა და ეს რომ დაინახა… უსამართლობას ვერ იტანდა ჩემი შვილი, მერე ჩაერთო… ჩემმა შვილმაც დაცვის მიზნით გამოიყენა თავისი იარაღი… სანამ დაიწყებოდა სროლა, ზვიადაური იქ იყო თავიდანვე”- აცხადებს გარდაცვლილის მამა.
მოკლული ბიჭის მამა თვითმხილველებზე დაყრდნობით ყვება, რომ მუხიანის ტყეში ზურაბ ზვიადაური “ჩხუბისთვის მივიდა”.

ჩხუბით და იარაღით არ უნდა მიხვიდე, მას რომ ეთქვა, შევრიგდეთ, ძმებოო, ყველაფერი მოგვარდებოდა. მოკვლისთვის მივიდა ალბათ, ჩხუბისთვის მივიდა – დასძინა მან.
მოკლულის მამა “პირველების” რეპორტიორთან ხსნის იმ ფაქტსაც, თუ რატომ ჰქონდა მის შვილს იარაღი.

კენჭოშვილები ამბობენ, რომ ნიკას ნადირობა უყვარდა და სწორედ ამიტომ უყიდეს ახალგაზრდა მამაკაცს სანადირო თოფი. “განვადებით, მე თვითონ ვაყიდინე ეს თოფი”- აცხადებს მოკლულის მამა.

შვილმოკლულმა მამამ სხვა გარდაცვლილების ოჯახის წევრებსაც მიუსამძიმრა:

ჩემი შვილი იყო მშრომელი, პატიოსანი, ვაჟკაცი ადამიანი. ჩასული იყო იმისთვის, რომ ემუშავა და ორი კაპიკი შემოეტანა ოჯახში. შრომობდა ფიზიკურად. ხმებია, რომ რაღაც ბიზნეს წილი, რის ბიზნეს წილი. მე ზვიადაურით ამდენი ხანი ვამაყობდი. მე არ ვიცი, ისიც მოიქცა ალბათ,ისე როგორც ჩათვალა საჭიროდ. მაგრამ მას შეეძლო უფრო მეტი გაკეთებინა თავიდანვე.

მინდა, იმ ოჯახს მივუსამძიმრო, იმიტომ, რომ ვხვდები იქაც რა ხდება“, – განაცხადა მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამამ.
ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს  კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ.

გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.