საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრ ბენიკ აბრამიანს დოპინგი აღმოუჩინეს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრ ბენიკ აბრამიანს დოპინგი აღმოუჩინესბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მას 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს.

36 წლის აბრამიანი, რომლის საუკეთესო შედეგი 21,11 მეტრია, ვითარების საბოლოო გარკვევამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს.

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ ტოკიოში აკრედიტებულ ლაბორატორიაში 31 ივლისს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ აბრამიანის ორგანიზმშია სამი აკრძალული სტეროიდი – დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი.

ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს. მას B ჯგუფში, დაახლოებით 15:40 საათზე უნდა ეასპარეზა. ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.