“ზვიადაურმა კენჭოშვილს საყელოში ხელი წაავლო, მაგრამ მისი გაკავება ვერ მოახერხა და ამიტომ ესროლა” – ახალი დეტალები

"ზვიადაურმა კენჭოშვილს საყელოში ხელი წაავლო, მაგრამ მისი გაკავება ვერ მოახერხა და ამიტომ ესროლა" - ახალი დეტალებიზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის, განცხადებით, წინანდალში მომხდარი დაპირისპირება ბიზნესწილების გარჩევას არ უკავშირდება.

როგორც ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველი აღნიშნავს, დაპირისპირების მიზეზი ყოფითი საკითხი იყო.

„მანდ არ არის ბიზნესწილების გარჩევა. ყოფითი საკითხებია. სამშენებლო ობიექტზე ერთი ბრიგადა ლესავს, მეორე ბრიგად- აშენებს. ამ ბრიგადამ, რომელიც ლესავს, გამოიყენა ჭურჭელი და შიგნით აზილა ცემენტი. მეორე მხარე მოვიდა და ამათ დაუწყო ჩხუბი, ეს ჭურჭელი ცოტა ძვირადღირებულია და არ უნდა გამოგეყენაო. ეს კონფლიქტში გადაიზარდა, დაარტყეს ერთმანეთს და ამას მოჰყვა. არანაირი ბიზნესწილები და ბიზნესგარჩევა არ ყოფილა“, – აღნიშნავს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს, ვინაიდან, „დანაშაული არ ჩაუდენია“.

„ბრალს არ აღიარებს. დანაშაული არ ჩაუდენია მას და როგორ შეიძლება აღიარო ის, რაც არ ჩაგიდენია. ის ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო.

როდესაც ის მივიდა, ორივე მხარე შეკრებილი იყო, თავის ძმას ეძებდა და რომ მოიკითხა აქ რა გინდათო, მეორე მხრიდან ვიღაც გამოეყო, სავარაუდოდ, დაუძახეს აქეთ მოდითო. ორი ჯგუფი წავიდა ერთმანეთისკენ და სროლა დაიწყო. ამ სროლის დროს დაინახა, რომ მეორე მხრიდან, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა და ამათკენ დამიზნებით ისროდა, რომ მოიხედა მის ძმას მოხვდა, სისხლი წამოუვიდა, მეგობარს, 2 ადამიანს მოხვდა, ამისკენაც შემობრუნდა და ისვრის. ამ დროს ეცადა ზვიადაური ნიკა კენჭოშვილი  გაენეიტრალებინა. ხელი წაავლო საყელოში, მაგრამ ვერ მოახერხა მისი გაკავება. რაც უნდა ოლიმპიური ჩემპიონი იყო, ცეცხლსასროლი იარაღის წინ უძლური ხარ, ამოიღო იარაღი და მანაც განახორციელა მის მიმართ გასროლა“,- აღნიშნა  ადვოკატმა.

იპნ