„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება რუსთავში 80 წლის ამირან პაპუაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები.
მოკლულის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გასაჯაროებისგან თავის შეკავება ითხოვა, ყვება, რომ ამირან პაპუაშვილი მეზობლების მხრიდან ხშირად განიცდიდა შევიწროებას. რაც შეეხება მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მეზობელს, ეს ახალგაზრდა ქალი მოხუცს სისტემატურად ძალავდა ფულს, რასაც თან ახლდა მუქარა.
მოხუცს შიში ჰქონდა, რომ მოკლავდნენ, რის გამოც იარაღის შეძენაზეც კი ფიქრობდა.
„სულ მაგას მეუბნებოდა, მეზობლები არ მივარგაო. ჯერ ტუალეტი წამართვესო, ახლა ვიღაც მდგმურები გადმოვიდნენო, 23 წლის გოგო თავის ქმართან და ორ შვილთან ერთადო და სულ ფულს მძალავენო. ამბობდა, ჩემი მოკვლა უნდათო. ისიც კი მითხრა, იარაღი მინდა ვიყიდო, თავის დაცვა მინდაო.
წინაზეც 3.442 ლარი მოპარეს სახლიდან, ეხლაც დაახლოებით მაგდენი მოპარეს. ადებდა კიდეც ხელს მაგ მდგმურებს.
მოხუცებულს ეუბნებოდა ეს გოგო, რათ გინდა ფული, მე მომეციო. ძალავდა, რამდენჯერაც ფული გამომართვეს, აღარ მომიტანეს უკანო.
ვუთხარი, პოლიციას მიმართე მეთქი და არაო – ისედაც ვძულვარ მეზობლებს და უარესად გადამეკიდებიანო“, – ყვება მოკლული მოხუცის ახლობელი.
24 აგვისტოს რუსთავში 23 წლის ქალმა 80 წლამდე კაცი ბლაგვი საგნით მოკლა. საქმის ბრალდებული დოდო ჯანგულაშვილი ჩვენებაში დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოკლა 80 წლის მეზობელი.
პრაიმ ტაიმი

