თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ დავით კურტანიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ბრალდებულების ადგილსამყოფელის დასადგენად, – ამის შესახებ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
პროკურორის თქმით, რა გახდა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.
“სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და შესაბამისად გამოიყენება აღკვეთის ღონისძიება.
რაც შეეხება ბრალდებულების ძებნას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულების ადგილსამყოფელის დასადგენად.
დადგენილია ის გარემოება, რომ აღნიშნული მკვლელობა უშუალოდ ჩადენილია ამ ორი პირის მიერ. თანამზრახველებზე, მოტივზე და კავშირში მყოფ პირებზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” , – განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა და კითხვაზე ბრალდებულებს ეძებენ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ აღნიშნა, რომ “ჩვენ ვეძებთ ყველგან”.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, აკო ჭელიძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის საქმეში დანაშაულის მოტივი დადგენილი არ არის და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ვერსია რის გამო მოხდა ეს ფაქტი მასალებიდან არ ჩანს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

