ეკა ბესელია – “გახარია დიდ რისკზე წავიდა”

ეკა ბესელია - "გახარია დიდ რისკზე წავიდა"პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას დასახელება თბილისის მერობის კანდიდატად გაბედული სვლაა.

– გაბედული სვლა იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას მისთვის პერსონალური რისკიც ახლავს – რეიტინგის ზრდა და შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგს დადებს.

– რას ცვლის ეს?

– ეს ცვლის თბილისის მერობისთვის ბრძოლის სურათს. თუ “ქართული ოცნება” ცდილობდა, რომ ეს ბრძოლა ისევ ორპოლუსიან სისტემაში მოექცია და ეთქვა, რომ ან მე, ან ნაციონალური მოძრაობა, ეს აღარ გამოუვა. გახარია სერიოზულ კონკურენტად უნდა განვიხილოთ. ის, რომ “ოცნებას” მიაჩნდა, პირველ ტურში გაიმარჯვებდა, გამორიცხული გახდა.

– მეორე ტური გარდაუვალი გახდა?

– გარდაუვალია, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან საინტერესო იქნება თბილისის მერობის არჩევნები და მე ვუწონებ გახარიას ამ ნაბიჯს. როდესაც ხარ ლიდერი, უნდა აიღო ძალიან რთული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გუნდს უნდა აჩვენო ამ გამბედაობის მაგალითი.

– პოლიტიკაში ვინც არიან დღეს ყველაზე პოპულარული ფიგურები,  იბრძვიან თბილისის მერობისთვის.

– დიახ, ასეა ნამდვილად. გახარიას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, შემდეგ კალაძეს. მელიას რეიტინგი არ ვიცი, მაგრამ არ იყო დაბალი. ასე რომ, სერიოზული ბრძოლაა.

ეს არჩევნები მხოლოდ თბილისის მერის არჩევნები არ არის. ეს არის პოლიტიკური შედეგი, რომელიც მთლიანად არჩევნებზე მოახდენს გავლენას და შემდგომ პროცესებზეც.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა