“გახარია მეორე ტურში ვერ წარმომიდგენია” – თორნიკე შარაშენიძე

"გახარია მეორე ტურში ვერ წარმომიდგენია" - თორნიკე შარაშენიძე“ახალი თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ დიდი შანსია, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური იყოს.

– ვინ შეიძლება ვიხილოთ მეორე ტურში კალაძესთან ერთად, მელია თუ გახარია?

– რა თქმა უნდა, მელია. გახარია ალბათ მესამე ადგილზე გავა. მელიას ჰყავს თავისი გარანტირებული ამომრჩეველი, რაც 20%-ის ფარგლებში მერყეობს ყოველთვის. ეს მინიმუმ რომ ავიღოთ და გახარიას 20% ნამდვილად არა აქვს. შესაძლოა 10% ჰქონდა, რომ დაიწყო პოლიტიკური აქტიურობა, მაგრამ ახლა რამდენი აქვს, კაცმა არ იცის. უფრო დიდი შანსია, რომ დაიკლო, ვიდრე მოიმატა. კალაძე-მელიას მეორე ტურს ვუშვებ, გახარია კი ვერ წარმომიდგენია მეორე ტურში. გახარიას გამო შესაძლოა შედგეს მეორე ტური, მაგრამ ის, რომ გახარია გავიდეს მეორე ტურში, ეს არა მგონია.

– ვისი ხმები მიაქვს დღეს გახარიას?

– ჩემი აზრით, უფრო პატარა ოპოზიციური პარტიების. ამ გადასახედიდან “ოცნებამ” უნდა შეძლოს 43%-ის აღება. რამდენად მოიგებს კალაძე თბილისში პირველივე ტურში, ეს რთული სათქმელია, მაგრამ მთლიანობაში 43% უნდა აიღონ. ამ სიტუაციაში ამის პრობლემა არ ექნებათ. ეს არჩევნები დიდ ინტერესს არ იწვევს მოსახლეობაში. ამიტომ ოპოზიციას ამომრჩევლის ისეთი მობილიზება, როგორიც შარშან საპარლამენტოზე შეძლო, გაუჭირდება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა