“ივანიშვილმა 2013 წლიდან დაიწყო სუსის აქტიურად გამოყენება, ჩვენ კი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ” – დავით ზურაბიშვილი

"ივანიშვილმა 2013 წლიდან დაიწყო სუსის აქტიურად გამოყენება, ჩვენ კი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ" - დავით ზურაბიშვილიპოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი, რომელიც 2012-2016 წლებში მმართველი “ოცნების” კოალიციის წევრი იყო, “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სუსის მოსმენებზე საუბრობს.

– ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, აზრადაც არ მქონია, რომ შესაძლებელი იყო ამის კიდევ გამეორება. წინა ხელისუფლების დროს ვიცოდით, რომ ყველას გვისმენდნენ. ხალხს რაღაცის ლაპარაკი რომ უნდოდა, ტელეფონს თიშავდნენ, მაგრამ ეს უნდა დამთავრებულიყო და იმ კოალიციის ოფიციალური განაცხადიც ასეთი იყო. თუმცა, 2013 წლიდანვე დაიწყო მოსმენების ძალიან აქტიური გამოყენება და პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა ეს ინიციატივები.

ვერ ვიტყვი, რომ კოალიციაში მყოფი პროდასავლური პარტიები ამას მარტივად შევხვდით, მაგრამ ივანიშვილს არ შეხვდა სათანადო წინააღმდეგობა. რაღაცნაირად გაუმართლებელი დათმობები გავაკეთეთ მაშინ.

– რატომ დაუშვით ეს, ივანიშვილის ავტორიტეტის გამო?

– ბიძინას ავტორიტეტის და ბევრი სხვა ფაქტორის გამო. რესპუბლიკური პარტია სხვებთან შედარებით რაღაცას ამბობდა და სხვები საერთოდ არაფერს ამბობდნენ.

– არც თავისუფალი დემოკრატები?

– არც მაგათგან ყოფილა დიდი პროტესტი, სანამ არ შეეხნენ ირაკლი ალასანიას. როდესაც ალასანიას შეეხნენ, მერე წავიდნენ ოპოზიციაში.

2014 წლის არჩევნები როდესაც იყო, გვითხრეს, რომ სუსი შეარჩევდა კანდიდატურებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარით და ბევრი კონფლიქტიც მოხდა მაშინ.

შეგიძლიათ წახვიდეთო, ივანიშვილს არასოდეს უთქვამს. პირიქით, 2016 წლამდე ის ოქროს თევზს ჰპირდებოდა დათო უსუფაშვილს. ყველაფრის დათმობაზე თანახმა იყო სიტყვიერად, მეორე დღეს გადათქვამდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ნათელი იყო, საით მიდიოდა ყველაფერი. ხდებოდა სასამართლოს და სუსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა