ნინო ლომჯარია – “დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის და ზურაბ მახარაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს”

ნინო ლომჯარია - "დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის და ზურაბ მახარაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს"სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის, ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ  სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

– გამოვიყენე ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მივმართე.

დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე, ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ.

ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა.

სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას.

სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

5 ივლისს, დაახლოებით 14:14 საათზე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითაც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლით აკრძალული ქმედება – ძალადობის მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.