სანიოლი – “1 თვეში საქართველოს ნაკრებით მთელი ქვეყანა იამაყებს”

სანიოლი - "1 თვეში საქართველოს ნაკრებით მთელი ქვეყანა იამაყებს"საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მესამე შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი უკვე ორი დღეა სოფიაში იმყოფება. დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს თურქული “ჰატაისპორის” ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე გამოტოვებს.

ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა:

“ეროვნულ ნაკრებში გამართული ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია, იქნება ეს საკვალიფიკაციო ეტაპი თუ ამხანაგური. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, მაქსიმალურად ვცდილობ, როტაციის პრინციპი გამოვიყენო, რადგან ვთვლი, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მოთამაშეები, ვისი ნახვაც მსურს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც შანსს იმსახურებენ, რადგან სწორედ ისინი არიან ეროვნული ნაკრების მომავალი.

​კოსოვოს წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა ცუდი მოგონებები დაგვიტოვა, რადგან ამ შეხვედრის მიმართ სხვა მოლოდინი გვქონდა. ესპანეთთან ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც კოსოვოსთან, მეორე ნახევარში კი გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით.

ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი მქონდა, თუ რა მოლოდინი მაქვს მე და რას მოითხოვს უმაღლეს დონეზე თამაში. იმიტომ, რომ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავიზარდოთ და გავიაზროთ, რომ თუ გვსურს, ეროვნული ნაკრები განვითარდეს, ყოველდღიურად უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ​ჩემი აზრით, საუბრები, რომლებიც გვქონდა, საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში უკეთ იმუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და მით უმეტეს, ოქტომბერ-ნოემბერში, მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს”.

სპორტალი