ყველა მთავრობას აქვს თავისი ნათელი და ბნელი მხარეები, მაგრამ ჩემნაირ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანის მხრიდან ყველაფრის ლაპარაკი არ შეიძლება – პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ამ სისტემაში მეც ვმუშაობდი და ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს ,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
კითხვაზე, ხდებოდა თუ არა უკანონო მოსმენები სუს-ში მისი მუშაობის დროს, გოგაშვილი ამბობს, რომ ასეთი რამ ნებისმიერი მთავრობის დროს შეიძლება მოხდეს და „დაზღვეულები ვერ ვიქნებით“.
„ნებისმიერი მთავრობის დროს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ. ამისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ამაზე უნდა იყოს სპეციალური კონტროლი. დღეს საქართველოში ეს არის წარმოუდგენელი. სანამ მსგავსი სისტემა და მართვის ასეთი მეთოდები იქნება, ამისგან დაზღვეულები ვერ ვიქნებით“,- განაცხადა გოგაშვილმა.
გარდა ამისა, გოგაშვილი დარწმუნებულია, რომ პირი, რომელმაც ფარული მასალები სუს-დან გამოიტანა, მაღალი თანამდებობის პირია.
„აქ არის თავმოყრილი განსხვავებული მიმართულების ინფორმაციები, მის ავთენტიკურობაზე სუაბარს ვერ დავიწყებ, რადგან მასალებს არ ვფლობ, მაგრამ მე ხომ ვხვდები, რაც არის. არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ არ ვიცოდე, რა ხდება. ეს არის ძალიან მასშტაბური ინფორმაციული ბაზა, რომელზე წვდომა ერთი კონკრეტული განყოფილების თანამშრომელს წარმოუდგენელია რომ ჰქონდეს. შეიძლება მოქმედი იყოს, შეიძლება ყოფილი, მაგრამ ყველა ვარიანტში, ეს არის მაღალი თანამდებობის პირი“,- განაცხადა გოგაშვილმა.
იპნ

