სუბარი – “გიგა ჩრდილელი ივანიშვილთან ნაციონალებმა აგენტად შეაგზავნეს”

სუბარი - "გიგა ჩრდილელი ივანიშვილთან ნაციონალებმა აგენტად შეაგზავნეს"მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი და გიგა ჩრდილელი ფიგურირებენ და რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება მმართველი პარტიის დისკრედიტაციას ემსახურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქმე ეხება 2011 წლამდე პერიოდის ჩანაწერებს.

პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის გიგა ჩრდილელი. კობახიძის თქმით, ის იყო ვანო მერაბიშვილის მოკავშირე და შეგზავნილი “ქართუ” ბანკში.

ფაქტს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი. სოზარ სუბარი გავრცელებულ ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს და განმარტავს, რომ მისი გავრცელების მიზანს “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია წარმოადგენს.

“ეს სავარაუდო ჩანაწერი, სავარაუდო ფაბრიკაციაა და არის მანამდე გაკეთებული, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდოდა, ანუ 2011 წლის ოქტომბრამდე. პირველივე წლებში ის მკაფიოდ საუბრობდა, რომ ჰყავდა შემოგზავნილი აგენტი, გიგა ჩრდილელის სახით, რომელიც იყო შემოგზავნილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ. მან ეს იცოდა და სპეციალურად საუბრობდა გიგასთან ისეთ რამეებს, რაც მას უნდა მიეტანა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, აქედან ჩანს როდინდელია ეს ჩანაწერი. ამ ჩანაწერებში რომ რაიმე სერიოზული ყოფილიყო, მაშინ ისინი გამოქვეყნდებოდა 2012 წლის არჩევნებამდე,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რუსთავი 2