თამარ ბურდული – “იმედია, ჩემი წარმატება სხვა ემიგრანტებსაც დაეხმარება”

თამარ ბურდული - "იმედია, ჩემი წარმატება სხვა ემიგრანტებსაც დაეხმარება"ბარსელონაში მცხოვრებმა თამარ ბურდულმა ფეისბუქში დაწერა:

“გამარჯობათ.
ყველას დიდ მადლობას გითვლით ვისაც არ დაეზარა და მომილოცა რთული და ძნელად მისაღწევი გზის წარმატებით გავლა, იმათაც დიდი მადლობა ვინც უბრალოდ დაინტერესდა ჩემი მიღწევებით მაგრამ მხოლოდ სტატუსის წაკითხვით შემოიფარგლა.
იმედი მაქვს, ჩემი წარმატება დანარჩენი ემიგრანტებისთვის სტიმულის მომცემი იქნება, როგორც ჩემთვის სხვა ადამიანების მაგალითი რადგან ყოველდღიურ რუტინაში ხშირად გვავიწყდება ვინ ვართ და რა შეგვიძლია, მით უმეტეს როდესაც ემიგრაციაში მცხოვრებ ადამიანზეა საუბარი.
უამრავი დაბრკოლება გადავლახე წინ, კიდევ მრავალი მელოდება, თუმცა დიდი სიამაყით შემიძლია მოგახსენოთ, რომ მიუხედავად უმაღლესი განათლებისა, ბოლო წლებში სხვადასხვა შავ სამუშაოზე მიმუშავია და ვიცი, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძნელია, სხვა რამეზე იფიქროს ადამიანმა.

არასდროს შემრცხვენია ჩემი განვლილი გზის, თუმცა ყოველთვის ვცდილობ წინსვლას.
შრომა სირცხვილი არ არის, სირცხვილი ისაა, როდესაც გჭირდება, მაგრამ რაღაც სოციალური სტატუსის არდაკარგვის ან თავმომწონეობის გამო მუქთახორობა ურჩევნიათ.
მიუხედავად ამისა, ჩემს თანამემამულეებს უბრალოდ ვთხოვ, რომ საკუთარი თავი არ დაკარგონ და ის შესაძლებლობები გამოიყენონ, რომელთაც ცხოვრება გვაძლევს. გაიარეთ პროფესიული გადამზადება, იარეთ ენის კურსებზე, მოახდინეთ ამ ქვეყანაში ინტეგრაცია და თავს უფრო რეალიზებულად იგრძნობთ.
პირადში მივიღე უამრავი შეტყობინება, თუ როგორ შეიძლება უნივერსიტეტში შესვლა. ყველას სათითაოდ ვერ გიპასუხებთ, რადგან ჩემს შესაძლებლობებს აღემატება ამიტომ თუ სურვილი გექნებათ დავთქვათ ერთი დღე და გავაკეთებ ლაივ ჩართვას დაინტერესებული ადამიანებისთვის კითხვა პასუხის რეჟიმში.
გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ერთხელ გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის.”