თეა გვასალია – “სიზმარში თვითმფრინავის ჩამოვარდნას რომ ვხედავ, 1 კვირაში თვითმფრინავი სადმე მართლა ვარდება”

თეა გვასალია - "სიზმარში თვითმფრინავის ჩამოვარდნას რომ ვხედავ, 1 კვირაში თვითმფრინავი სადმე მართლა ვარდება"თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:

“რაც მე თბილისსა და ესპანეთს შორის მაქვს ნაფრენი, სტიუარდესებს და პილოტებს არ დაესიზმრებათ. დავფრინავდი ყოველთვის, როცა საქმე, დრო და საშუალება მქონდა და ყველაფრით, რასაც ფრთები ება. ბოინგებითაც მიფრენია და დაჟანგული საბჭოთა ტუ-154-თაც, რაც მე ტურბულენტობის ზონებში მოვყოლილვარ და თვითმფრინავის ილუმინატორიდან ხელის გაწვდენაზე მიყურებია ჭექა-ქუხილისთვის, და არც ერთხელ, არც ერთი წამით არ შემშინებია, ერთი სული მქონდა ხოლმე, როდის დაეშვებოდა თვითმფრინავი პრატის ან ბარახასის აეროპორტში და როდის შევიგრძნობდი ესპანეთის სუნს, რომელიც არც ერთი ქვეყნისას არ ჰგავს და მგონი ენდორფინებითაა სავსე, რადგან პირველივე ჩასუნთქვაზე დოპინგივით მოქმედებს, ფრთებს გასხამს და დარწმუნებული ხარ, რომ მთებს გადადგამ.
ასე ფრთებშესხმული დავფარფატებდი ორ ქვეყანას შორის, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ჯერ ელენე არ გავაჩინე, 4 წლის შემდეგ კი ტყუპები და მე, ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში არანაირი დეპრესია არ მქონია, პოსტ სამშობიაროც კი, ფრენის პანიკური შიში დამეწყო. დავყურებდი თვეების ბავშვს და ვფიქრობდი, თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს, ამას უჩემოდ რა ეშველება მეთქი.
მას შემდეგ კიდევ ერთი უცნაურობა დამჩემდა. ძალიან იშვიათად სიზმარში ვხედავ, როგორ ვარდება თვითმფრინავი და არ არსებობს, ამ სიზმრის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ავიაკატასტროფის შესახებ არ მოვისმინო ან წავიკითხო.

აგვისტოშიც დამესიზმრა როგორ დაეშვა ციდან გრუხუნით თვითმფრინავი, რომელსაც აშკარად რაღაც უჭირდა, მაგრამ აფეთქების ხმა არ გამიგია. ერთი კვირის განმავლობაში რომ ცუდი არაფერი მომხდარა, გამიხარდა, აღარაა ჩემი სიზმრები ავიაკატასტროფებზე მიბმული თქო და აგერ, სამი დღის წინ, თბილისის აეროპორტში ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის ამბავი არ გავიგე?!!!!
მოკლედ, აწი მსგავს სიზმარს თუ ვნახავ, დავწერ აქ და მომდევნო 2 კვირის მანძილზე ფრენისგან თავი შეიკავეთ. გუშინ გამოჩეკილი ნათელმხილველი კი არ ვარ, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გიზიარებთ”