ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის მთავარი მოწმე კახა ბასილიაა – პოლიციამ კ.კ. დააკავა

ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის მთავარი მოწმე კახა ბასილიაა - პოლიციამ კ.კ. დააკავაშსს-მ, განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული კ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს – 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე ზუგდიდის პოლიციაში გამოიკითხა მკვლელობის მთავარი მოწმე და მოკლული ბიზნესმენის მეგობარი კახა ბასილია.

რუსთავი 2