13 წლის ბავშვის ჩვენების თანახმად, 53 წლის ბაბუა 5 წლის განმავლობაში მასზე სექსუალურად სისტემატიურად ძალადობდა.
მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, დაკავებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს „ყველაფერი ზღაპარია“ და რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაბუა ბავშვების დედისგან შურისძიების მსხვერპლია.
„დედის ჩვენების მიხედვით, 2021 წლის 10 ოქტომბერს, საღამოს საათებში, როცა სახლში იმყოფებოდა და ტელევიზორს უყურებდა, რატომღაც მოუნდა ბავშვებთან ესაუბრა სექსზე, ძალადობაზე, მსხვერპლზე და ა.შ. როცა საუბარს მორჩა, ბავშვებს ჰკითხა, რომელიმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემაო. ტყუპებიდან ერთ-ერთმა უთხრა, რომ პაპა უკვე 5 წელიწადია ჩემზე ძალადობსო, დედამ ყველაფერი გამოკითხა, ბავშვმა მას საშინელი რაღაც მოუყვა. კერძოდ, შაბათ-კვირას, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისად ბავშვები ოჯახში მიჰყავდათ, მასზე პაპა ღამე ძალადობდა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, 8 წლის ასაკიდან 10-წლამდე მასზე პაპამ 30-40-ჯერ იძალადა – ხელებით მის სასქესო ორგანოს ეხებოდა. მისივე ჩვენებით, როცა 10 წლის გახდა, უკვე, როგორც ქალს, ისე ეფერებოდა და სქესობრივი აქტის დამყარებას ჰქონდა ადგილი.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დედა მეორე დღეს, დაახლოებით შუადღეს მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი გაუპატიურებული იყო. ბავშვი დაიკითხა, და ის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წაიყვანეს. ექსპერტმა დაადგინა, რომ საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის, მაგრამ მიუხედავად მსგავსი მტკიცებულებისა, ის საქმეში წარმოდგენილი არ არის,“ – აცხადებს თოდუა.
53 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა 12 ოქტომბერს დააკავეს.
იპნ