ავსტრიის კანცლერ კურცის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ავსტრიის კანცლერ კურცის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის, 9 პირისა და 3 ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ტაბლოიდური გაზეთის მიერ სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის მთავრობის ფული კორუფციულ გარიგებაში გამოიყენეს. კერძოდ, ბრალდებების თანახმად, 2016 წლიდან 2018 წლამდე „ფინანსთა სამინისტროს რესურსი გამოიყენებოდა ნაწილობრივ მანიპულირებული გამოკითხვის დასაფინანსებლად, რომელიც ემსახურებოდა პარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს“.

ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც სებასტიან კურცი „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ლიდერი გახდა, პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა და კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ორ სამინისტროში, რეიდები განხორციელდა.

ფინანსთა მინისტრმა გერნოტ ბლუმელმა დაადასტურა, რომ ჩხრეკა მის სამინისტროშიც ჩაატარეს. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა განხორციელდა კანცლერის ოფისშიც.