„გახარიასა და ანა დოლიძის ამომრჩევლის ნაწილი ხმას კალაძეს მისცემს“ – ვახტანგ ძაბირაძე

„გახარიასა და ანა დოლიძის ამომრჩევლის ნაწილი ხმას კალაძეს მისცემს“ - ვახტანგ ძაბირაძეპოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მელიას ჩრდილოვან კაბინეტში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყვნენ გიორგი გახარიასა და ანა დოლიძის კანდიდატები ან მათი წარმომადგენლები, რადგან ამ ორმა ახალმა პარტიამ მნიშვნელოვანი შედეგები დადო არჩევნებზე. გახარიამ მიიღო დაახლოებით 8  პროცენტი, დოლიძემ – 4 პროცენტი.

– მეორე ტურის ბედს გახარიასა და დოლიძის ამომრჩეველი გადაწყვეტს?  

– დიახ. ეს ხალხი გადაწყვეტს. სწორედ ამ ორი კანდიდატის ამომრჩევლის საარჩევნო ურნასთან მიღებული გადაწყვეტილება იქნება გადამწყვეტი საბოლოო ჯამში.

– ორივე კანდიდატის პოზიცია ცნობილია. ისინი თავიანთ ამომრჩეველს არც ერთის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებენ –  ჩვენ გონიერი ამომრჩეველი გვყავს და გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენო. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს მათი არჩევანი? 

– ანა დოლიძის მხარდამჭერების ნახევარი მხარს დაუჭერს არა ნიკა მელიას, არამედ – კახა კალაძეს. იმავეს იზამს გახარიას ამომრჩეველი. ამ ამომრჩევლის ხმები არ წავა ნაციონალურ მოძრაობასთან, “ქართულ ოცნებასთან” უფრო წავა, თუმცა ასეთი მკვეთრად პოლარიზებული არჩევანის გამო, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხალხი საერთოდ სახლში დარჩეს და არც მივიდეს არჩევნებზე. შეიძლება, ამომრჩევლის ამ ნაწილს არ უნდა “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემა, მაგრამ არც ნიკა მელიასთვის უნდა ხმის მიცემა და ამიტომ ის არ წავა არჩევნებზე. ეს ეხება გახარიასა და დოლიძის ამომრჩეველს. ამდენად, ელექტორატის ამ ნაწილიდან, ძალიან მიზერული შანსია, ნიკა მელიამ რაიმე ხმები აიღოს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა