გია ნოდია – “მიშა-2 შეიძლება უარესი აღმოჩნდეს 2004-12 წლების მიშაზე, მაგრამ…”

გია ნოდია - "მიშა-2 შეიძლება უარესი აღმოჩნდეს 2004-12 წლების მიშაზე, მაგრამ..."გია ნოდიამ ფეისბუქში დაწერა:

“გუშინდელ დიდ მიტინგთან დაკავშირებით ზოგი შფოთავს, რომ წრეზე ვტრიალებთ. თუ ბიძინას ერთპიროვნული მმართველობა დასრულდა, ის სხვა ერთპიროვნული მმართველობით შეიცვლება – ისევ მიშასი. რა გვიხარია? სულ ერთი არ არის?
ზოგადად მეც ვთვლი, რომ ოცდაათი წელი, გარკვეული აზრით, წრეში ვიტრიალეთ და გვაქვს საფრთხე, ასე გავაგრძელოთ. ერთ სუპერ-ლიდერს ვანაცვლებთ მეორით და მერე ვჩივით, რატომ ვერა გვაქვს დემოკრატია. კანონიერი წუხილია.
მეტსაც ვიტყვი: მგონია, რომ მიშა-2 შეიძლება უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე 2004-12 წლების მოდელის მიშა. სულ მცირე, დასავლეთთან ურთიერთობა საკმაოდ გაურთულდა და თუ ორბანის და კაჩინსკის გარდა იქით მეგობარი არ დარჩა (ახლა ასეა), ეს პრობლემებს გვიქადის.
წრეზე ტრიალი ცუდია, მაგრამ გაცილებით უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანულ-ბელარუსულ-რუსული ტიპის სტაბილიზებული ავტორიტარიზმი. თუ ბიძინა კიდევ დიდხანს დარჩა, მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ მისი რეჟიმი ამ მოდელისკენ გადაიხარა. იმედი მაქვს, ამას ვერ შეძლებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გაძლებს. ამასთან შედარებით, თუნდაც „ცუდი მიშას“ დაბრუნება ბევრად ჯობია.
ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ბიძინას და მიშას გათანაბრება, თითქოს ორივე ერთნაირად მიუღებელია. შეიძლება, ორივე მიუღებელი იყოს, მაგრამ ერთნაირად – არა.
ნაციონალური ხელისუფლება, მთელი თავისი ნაკლოვანებებით, ერთი თავით მაღლა იდგა „ოცნებისაზე“. იმ ხელისუფლებამ ქვეყანა განვითარებით თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა. “ოცნებას” პრეტენზიაც კი არა აქვს რაიმის მიღწევაზე, გარდა იმისა, რომ „ნაციონალები“ გაყარა და უკან აღარ უშვებს.
ბიძინას დამარცხების შემთხვევაში მიშას ერთპიროვნული მმართველობის დაბრუნების შანსი კი არსებობს, მაგრამ ის არც ისე დიდია.

მიშას ჰყავს ფანატიკოსი მომხრეები, მაგრამ ისეთი ეიფორია, რაც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მის მიმართ არსებობდა, შეუძლებელია დაბრუნდეს.
ასე რომ, მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტას ნუ ვიჩქარებთ. ამ ეტაპზე არსებობს ის პოლიტიკური ძალები, რაც არსებობს და უნდა ამოვიდეთ იქიდან, რა არის შესაძლებელი დღეს.”