იწყება თუ არა ურთიერთობის ესკალაცია 45 სახელმწიფოსა და რუსეთს შორის?

იწყება თუ არა ურთიერთობის ესკალაცია 45 სახელმწიფოსა და რუსეთს შორის? ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) 45 წევრმა-სახელმწიფომ, რუსეთს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც 10 დღის ვადაში კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო მოთხოვნილი.

კითხვები მხოლოდ ერთადერთ საკითხს, რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამლვას ეხებოდა. შესაბამისი დოკუმენტი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული და სერიოზული ორგანიზაცია ეკითხება რუსეთის ფედერაციას: „რა მოიმოქმედეთ აქამდე ნავალნის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით? რა გამოძიებას აწარმოებთ? აქამდე რატომ არ არსებობს შეთანხმება OPCW- ს ტექნიკური მხარდაჭერის მისიის გაგზავნაზე რუსეთის ფედერაციაში? რა მონაცემები შეაგროვეთ?

იწყება თუ არა ურთიერთობის ესკალაცია 45 სახელმწიფოსა და რუსეთს შორის?სინამდვილეში რას აკეთებთ მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით?“ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს რუსეთში მოწამლეს. მან ტომსკიდან მოსკოვში გაფრენის დროს, თვითმფრინავის ბორტზე გონება დაკარგა, შემდეგ კი კომაში ჩავარდა. ოჯახის და თანაგუნდელების მოთხოვნის საფუძველზე ის ბერლინში, კლინიკა „შარიტე“-ში გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევების შემდეგ, 2 სექტემბერს, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავალნი აკრძალული საბრძოლო ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. „დოიჩე ველე“-სთან საუბრისას, ქიმიური იარაღის სფეროს სპეციალისტი მარკ-მიკაელ ბლუმი აცხადებს, რომ OPCW-ს ასეთი მიმართვა უკვე სიტუაციის ესკალაციას ნიშნავს, რადგან მოწამვლიდან წელიწადზე მეტი გავიდა და კრემლს დღემდე არც გამოძიება დაუწყია და არც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული რეგლამენტი დაუცვია. „ახლანდელი მიმართვა არის სიგნალი: ჩვენ არ დავივიწყებთ და არ გავატარებთ ამ პრობლემას.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა წევრი-ქვეყნები ინსტრუმენტად 9-ე მუხლს იყენებენ და აგზავნიან მოთხოვნას ვადის მითითებით.“ რატომ დასჭირდა 45 სახელმწიფოს ასეთი მკაცრი მიმართვის გაგზავნა? გავიხსენოთ, რუსეთი დღემდე ამტკიცებს, რომ ნავალნი არავის მოუწამლავს, საერთოდაც აცხადებენ, რომ მან თავად მოიწამლა თავი; ამბობენ, რომ გერმანია და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია რუსეთს სამართლებრივ დახმარებაზე უარს თვითონ ეუბნებიან, რუსეთის ტერიტორიაზე გამოძიების დაწყებაში ხელს უშლიან. კრემლი დღემდე ამტკიცებს, რომ ბერლინში წაყვანამდე, ნავალნის ორგანიზმში არანაირი მომწამვლელი ნივთიერებები ნაპოვნი არ ყოფილა. ამას კრემლის მაღალჩინოსნები ჯიუტად იმეორებენ. თუმცა, ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე ნავალნის გუნდმა მისი გამოკვლევების სამედიცინო ისტორია გამოაქვეყნა, მათ შორის სისხლის ანალიზი ომსკის საავადმყოფოდან. მასში დაფიქსირებულია ქოლინესტერაზას კრიტიკული დონე, რაც ექიმების განმარტებით სწორედ იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტისთვის ნავალნი უკვე იყო მოწამლული. მოგვიანებით, ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ მის სისხლში იდენტური კვალი აღმოაჩინეს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ პოლიტიკოსი სპეციალურად მოწამლეს გერმანულ თვითმფრინავში, აბსურდია. ამ საქმეზე როგორი კონტრშეტევის ფორმატში ცდილობს კრემლი საკუთარი დანაშაულებების დაფარვას და მიჩქმალვას, კიდევ ერთხელ უკვე გამოჩნდა.

იწყება თუ არა ურთიერთობის ესკალაცია 45 სახელმწიფოსა და რუსეთს შორის?45 ქვეყნის მიმართვიდან ორიოდე დღეში, 10 დღიანი ვადის გასვლამდე, რუსეთმა უკვე წარმოადგინა თავისი პასუხი- შემხვედრი მიმართვა თავისი კითხვებითურთ. ამის შესახებ, OPCW-ში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრე შულგინმა განაცხადა. მან 45 სახელმწიფოს „შეშფოთებული“ ქვეყნები უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი აქეთ ითხოვს თავის კითხვებზე ამომწურავ და მკაფიო პასუხებს. მისი თქმით, ამ 45 სახელმწიფოს მისამართი შეეშალა, როდესაც რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით მიმართეს. შულგინი ამბობს, რომ მათ გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის და პირდაპირ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისთვის უნდა მიემართათ, რომლებიც თითქოსდა კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავენ. ასევე მან, OPCW -ს სამდივნო სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. ეს განცხადება კიდევ ერთი რუსული აბსურდი რომ არის, იქიდანაც ჩანს, რომ OPCW -მ არაერთხელ შესთავაზა რუსეთს თავისი დახმარება, ტექნიკური ჯგუფის გაგზავნა რუსეთში, ხოლო ყველა კვლევას, რაც კი ნავალნის საქმეზე ჩაუტარებია, ღიად და გასაგებ ენაზე ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებდა. კრემლი ამგვარად ცდილობს განამტკიცოს აზრი, რომ ყველა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, რომ 45 სახელმწიფო რუსეთის ხელისუფლებას იმ დანაშაულს აბრალებს, რომელიც არ ჩაუდენია და საკუთარი თავს მსხვერპლის როლში წარმოადგენს. მაგრამ, იმ სახელმწიფოებს, რომლებიც სიმართლის დასადგენად გაერთიანდნენ, ეს იაფფასიანი პოზა უკვე ვერ შეაჩერებს. მათ ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი სვლის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ. თემის კომენტირებისას, „DW”-სთან მარკ-მიკაელ ბლუმი ამბობს, რომ ეს სახელმწიფოები აღარ გაჩერდებიან.

მისი აზრით, მათ აქვთ სურვილი რომ ეს მოწამვლები შეწყდეს. „უნდა შეწყდეს იმ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება ადამიანების მოსაკლავად, რომლებიც პირველ რიგში სამხედრო მიზნებისთვის არის შექმნილი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ვნახეთ დღისით- მზისით მომხდარი მკვლელობა ბერლინის ცენტრში, პარკში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და რით არის ეს უკეთესი ვიდრე მოწამვლა? რა თქმა უნდა, ეს უკეთესი არ არის, მაგრამ ქიმიური იარაღის გამოყენება დარტყმას აყენებს მთელ მსოფლიოში არსებულ აკრძალვას.“

გურამ ნიშნიანიძე