“მძღოლის უკან უცბად დაჯდა კეპიანი მამაკაცი, რომელიც მძღოლად მივიჩნიე” – როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში

"მძღოლის უკან უცბად დაჯდა კეპიანი მამაკაცი, რომელიც მძღოლად მივიჩნიე" - როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოშიროგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ვინ დაეხმარა მესამე პრეზიდენტს და ვინ იყო ოჯახი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი ოჯახში შეიფარა.

ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმე მთავარი მტკიცებულებები “ნოდარ მელაძის შაბათმა” და ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მოიპოვეს.

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა და მთელი ძალოვანი უწყება ადგენს, შემოვიდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ტვირთმზიდ “ვილნიუსის” ბორანით.

ბორანმა “ვილნიუსმა” საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მოგზაურობა 28 სექტემბერს გამთენიისას დაასრულა. გემის ბორტიდან კონტროლისთვის 8 კონტეინერი, 34 ვაგონი,18 მსუბუქი ავტომობილი და 47 სატვირთო ტრაილერი ჩამოიტანეს.

საბაჟო შემოწმება 28 სექტემბერს უპრობლემოდ გაიარა ელგუჯა ცომაიას „სკანიას“  მარკის მისაბმელიანმა ავტომობილმაც.

ცომაის პროკურატურა ტრაილერის სამალავით ქვეყანაში სააკაშვილის შემოყვანას ედავება.

პროკურატურის ვერსიით, სააკაშვილი სამშობლოში რძის პროდუქტებით სავსე კონტეინერში მოწყობილი სამალავით შემოვიდა, თუმცა ის ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე ვერავინ შეამჩნია.

“შაბათის ეთერმა” ის ფოტო მასალა მოიპოვა რომელიც პოლიციამ ავტომობილის დათვალიერებისას გადაიღო, სადაც ჩანს სივრცე სატვირთო ავტომობილში, სადაც, გამოძიების ვერსიით, მესამე პრეზიდენტი იმყოფებოდა. მან 48 საათი გზაში ერთი პლედით და რამდენიმე ბოთლი წყლით გაატარა.

სააკაშვილს 28 სექტემბერს ფოთში მამა-შვილი წოწორიები დახვდნენ, მანქანაში გადასვეს და სამეგრელოს სოფელ ტყვირში წაიყვანეს.

“მძღოლის უკან, სავარძელზე  უცბად  დაჯდა  ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც სახე კეპითა და პირბადით ჰქონდა დაფარული. აღნიშნული მამაკაცი მე მივიჩნიე მძღოლად,  ვინაიდან  ელგუჯა ცომაიას საზღვარგარეთიდან  ხშირად  დაჰყვებიან მძღოლები. უცნობი მამაკაცი ჩაჯდომისას არ მოგვსალმებია  და იმ დროს არც გამოგვლაპარაკებია” – წერია წოწორიას ჩვენებაში.

შუაღამეზე ძველი მერსედესი აბაშის რაიონში შევიდა – მინგრეულ-მონგრეული გზებით შეწუხებულმა სააკაშვილმა მაშინ პირველად თქვა ფრაზა და მანქანის მგზავრებიც მიხვდნენ, რომ უკანა სავარძელზე სააკაშვილი იჯდა.

სააკაშვილმა ღამე ტყვირში გაატარა, დილით ის სამეგრელოდან აჭარაში გაემგზავრა. სავარაუდოდ, პრეზიდენტმა თეთრი მიკროავტობუსით ისარგებლა. გურიაში, სოფელ შეკვეთილიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაა, ის ქობულეთის გავლით ბათუმში ჩავიდა და საღამოს უკვე ბულვარში გაისეირნა.

სააკაშვილმა იუსტიციის სახლთან ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მიმართა ჩაწერა და თბილისში წამოვიდა.

თბილისში ჩამოსული სააკაშვილი გურამიშვილის გამზირზე დაბინავდა და ღამეც ქვიშხეთის 2 ნომერში გაატარა.

30 სექტემბერს სააკაშვილმა თბილისის დათვალიერება გადაწყვიტა.  ღარიბაშვილის სამუშაო კანცელარიასთან მან ფოტო გადაიღო, თუმცა მისი გასაჯაროება ვეღარ მოასწრო. მთაწმინდაზე სეირნობის შემდეგ 30 სექტემბერს ღამეს სააკაშვილი ისევ ქვიშხეთის ქუჩაზე დაბრუნდა.

ახლა საგამოძიებო უწყება არკვევს, ხომ არ ჰქონდათ ინფორმაცია მესაზღვრეებს სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ხომ არ მოუწყეს შეთქმულება ძალოვანებმა და სააკაშვილი საზღვარზე ისე გამოტარეს, რომ საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია.

ტვ პირველი