“მიშა “ოცნებასაც” უშლის ხელს და ნაციონალებსაც” – მამუკა გამყრელიძე

"მიშა "ოცნებასაც" უშლის ხელს და ნაციონალებსაც" - მამუკა გამყრელიძე“ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ სააკაშვილის შიმშილობა გაუგებარი, უცნაური და თავზეხელაღებული გადაწყვეტილებაა:

– ანუ მიშა მიდის ვაბანკზე. ამ ვაბანკზე წასვლით მან შეძლო საკუთარი თავის რეაბილიტაცია მისი ამომრჩევლის თვალში. ასევე საკუთარი თავის ძალიან სერიოზული აქტუალიზაცია.

ღმერთმა დაიფაროს და მაგას რამე რომ დაემართოს, ამის გაფიქრებაც არ მინდა.

– მის სიცოცხლეს რომ საფრთხე დაემუქროს, “ოცნება” აღმოჩნდება ცუდ დღეში?

– არა, “ოცნებაც” ძალიან კარგ დღეში იქნება და ნაციონალური მოძრაობაც. ნახეთ როგორი პარადოქსული სიტუაციაა, “ქართული ოცნება” თავიდან მოიშორებს ადამიანს, რომელიც მაქსიმალურად უქმნის პრობლემებს, აღარ ეყოლება ხელის შემშლელი, მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობა მიიღებს გმირს, ამის შემდეგ საკუთარ პოლიტიკას გაატარებენ და თან გმირი ეყოლებათ.

მიშა ორივე დაპირისპირებულ მხარეს დღეს ხელს უშლის. თუმცა ღმერთმა დაიფაროს, რომ ასე მოხდეს. მიშას რომ რამე მოუვიდეს, დაზარალდება ის ხალხი, ვისაც ძალიან უყვარს ეს ადამიანი და ვისაც მისი იმედი აქვს. ასეთი კი ძალიან ბევრია, როგორც მინიმუმ, 300-400 ათასი ამომრჩეველი მხოლოდ მიშას ამომრჩეველია. შეიძლება მეტიც. ნაციონალური მოძრაობა რაც ხმებს იღებს, 90% იქიდან არის მიშას ხმები. ხომ წარმოგიდგენიათ, რა კატასტროფა იქნება ქვეყნისათვის, რომ უახლეს ისტორიაში ტრაგიკულად დაიღუპოს ქვეყნის ორი პრეზიდენტი. ეს იქნება უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმა ქართველი ხალხისათვის. ამის გადატანა იქნება ძალიან რთული.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა