ოქრუაშვილის და ადეიშვილის საქმეზე პოლიციელი შოთა ჯაფარიძე დაიკითხა

ოქრუაშვილის და ადეიშვილის საქმეზე პოლიციელი შოთა ჯაფარიძე დაიკითხათბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურის მოწმე, პოლიციელი შოთა ჯაფარიძე დაიკითხა.

სხდომაზე მოწმემ გაიხსენა 2004 წლის 23 ნოემბრის ღამით მომხდარი მკვლელობის დეტალები. როგორც მან აღნიშნა, იმ ღამით, წერეთელზე, პანთეონთან საპატრულო პოლიცის ეკიპაჟმა დახმარების სახით დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახა, ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, სადაც მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. როგორც შოთა ჯაფარიძემ განმარტა, გაიგონა გასროლის ხმა, ამ დროს დაიჭრა ბუტა რობაქიძე.

სხდომის დაწყებამდე, ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ იმ ღამეს, წერეთლის გამზირზე მომხდართან ირაკლი ოქრუაშვილს შემხებლობა არ ჰქონდა. დაცვის მხარემ მოწმის სახით წარმოდგენილ პოლიციელს სხდომაზეც ჰკითხა, თუ რა იცის მან ამ ყველაფერში ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობის შესახებ.

„მოწმისგან მივიღეთ მარტივი პასუხი, რომ მან არაფერი იცის. წინა სხდომაზეც ასევე პოლიციის თანამშრომელი იყო, ანალოგიური კითხვა დავუსვით და ასეთი პასუხი მივიღეთ. პირდაპირ, რომ ეს ფაქტი ირაკლი ოქრუაშვილმა მოაწყო, არ არის. დღეს არ არის ისეთი ფორმატი, რომ მოწმეთა ანალიზში შევიდე, დასკვნით სიტყვაში მოგახსენებთ”, – განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, პროცესზე მოწმემ დაადასტურა, რომ იმ ღამით შეიარაღებულ კონფლიქტს მოქალაქეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ასევე, იარაღი ან საბრძოლო მასალა ადგილზე არ ყოფილა.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს წარდგენილი ბრალდების კონტექსტში ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მისამართით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ მათი დავალების შესაბამისად მოხდა ამ ვერსიის განვითარება და ამ ვერსიის შესაბამისად საქმის ფალსიფიკაცია. ირაკლი ოქრუაშვილის დავალების შესაბამისად მოხდა, რომ ამ შემთხვევას მიეცა შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმის სახე პოლიციელების მისამართით და ასევე, მოხდა იარაღის ჩადება.

ფაქტი, რომ ადგილი არ ჰქონია არც თავდასხმას და არც იარაღს, ამას ადასტურებს ეს მოწმე და ბევრი სხვაც“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

შს ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.