“ოცნებას” ზუგდიდში წაგების განსაკუთრებით ეშინია” – ნიკა ჩიტაძე

"ოცნებას" ზუგდიდში წაგების განსაკუთრებით ეშინია" - ნიკა ჩიტაძე“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაა, “ოცნებაში” ვიღაცას სურდეს სააკაშვილის ლიკვიდაცია.

– შესაძლოა ვიღაცას არ სურდეს, რადგან მღელვარებას უფრთხის. ფაქტია, რომ საფუძველი ორივე მხარეს აქვს, მაგრამ ოპოზიციის არგუმენტი უფრო დამაჯერებელია, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება და უმჯობესია მან მკურნალობა ციხის ტერიტორიის გარეთ გაიაროს.

– აქციების ნოემბერი გველოდება?

– შესაძლებელია. იმიტომ, რომ ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ამბობენ, რომელიმე მუნიციპალიტეტშიც რომ გაიმარჯვოს ოპოზიციამ, ეს დაუშვებელიაო. ეს რას ნიშნავს?! თუ ხალხის ნებაა, ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი აზრი. პირიქით უნდა თქვან, რომ კონკრეტულ რეგიონში მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება და რა მოხდაო. შესაძლოა სააკაშვილს და “ნაცმოძრაობას” შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრად დემოკრატიული ძალა ჩანს, თუნდაც იმით, რომ ხელისუფლება დემოკრატიული გზით გადააბარეს. განსაკუთრებით ზუგდიდში ეშინიათ წაგების, სადაც შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს “ნაცმოძრაობას”.

– ანუ, ყველანაირად მაინც აქციებისკენ მივდივართ?

– კი, ამის თქმა მინდოდა. არ არის გამორიცხული, რომ დარღვევებით წარიმართოს საარჩევნო პროცესი და, შესაბამისად, ამან გამოიწვიოს აქციები. ამით შეიძლება იძულებული გახდეს ხალხი, რომ ქუჩაში გამოვიდეს. თითქოს მინიშნებაა 27 ოქტომბრის აქცია, რომ თუ თქვენ გამოიყვანთ ხალხს, ჩვენ თუ მოვინდომებთ, უფრო მეტს გამოვიყვანთო.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა