ქეთი დოლიძე – “გუშინ, ღმერთო, ჩემი ძმა, თავგასა მოვიდა შენთან…”

ქეთი დოლიძე - "გუშინ, ღმერთო, ჩემი ძმა, თავგასა მოვიდა შენთან..."ქეთი დოლიძემ ფეისბუქში დაწერა:

“სიკვდილისა კი არ ეშინოდა, ადამიანად არყოფნის სევდა ჰქონდა მხოლოდ. რამდენჯერ მითხრა, ქეთო, აუცილებლად დავამარცხებთ ამ სენს, მაგრამ ასე თუ არ მოხდა, მერე რაა, არც მაგაზე იდარდოო. – მტკიცედ, ღიმილით მეტყოდა ხოლმე, მაგრამ ხმასა და გულში სევდა ჰქონდა. ადამიანად არყოფნის სევდა..
სიცოცხლე არ ეთმობოდა, მაგრამ სიკვდილისა არ ეშინოდა. ალბათ ჩვენს გამო არ ეშინოდა, ალბათ ჩვენს გამო იმაგრებდა თავს.
ბოლო დღეებში, მამიდამ უთხრა, ნეტავ შემეძლოს ჩემს სიცოცხლეს დაგითმობდიო, არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა – “მე, კიდევ შენს ნაჩუქარ სიცოცხლეს მაშინვე რომელიმე ბავშვს ვაჩუქებდი, ვინც ახლა სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვისო”.
გუშინ, ღმერთო, ჩემი ძმა, თავგასა მოვიდა შენთან. ჩემზე უკეთ იცნობ, როგორია, რანაირი კეთილი, გულჩვილი, სიყვარულით სავსე, მაგრამ მაინც გეტყვი ღმერთო, შენთან წამოსვლისა არ ეშინოდა, არ ბრაზობდა განაჩენზე.
ღმერთო, ჩემზე უკეთ იცი, რომ ის ძალიან კარგი ადამიანია, შენიანია, მაგრამ არ იცის სიყვარულის ხმამაღლა თქმა, თავმდაბალია, მორიდებული.. არ მგონია ოდესმე გითხრას როგორ უყვარხარ.
მე სულ მსაყვედურობდა, ნუ შეაწუხე ღმერთი ამდენი თხოვნითო. შენ ხომ იცი ღმერთო, როგორ გავედრებდი მის სიცოცხლეს, როგორ გთხოვდი მის გადარჩენას. მადლობა ყველა გათენებული დღისთვის, ყველა წუთისთვის, ყველა წამისთვის, რაც მას აჩუქე, რაც ჩვენ გვაჩუქე.
ახლაც ჯუჯღუნს დამიწყებდა რამდენს აწუხებ ღმერთსო, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას, ღმერთო, რანაირი კარგი ადამიანი მოვიდა გუშინ შენთან.
ღმერთო, გუშინ ჩემი ძმა მოვიდა შენთან, ვიცი, მანდ იქნება სულ, სინათლეში, სიფერადეში, უსასრულო სიცოცხლეში.
გუშინ ისეთი კაცი მოვიდა შენთან, საკუთარ სიცოცხლეს რომ უყოყმანოდ აჩუქებდა ნებისმიერ ბავშვს, ვინც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის.
სიკვდილისა არასოდეს ეშინოდა, ადამიანად არყოფნის სევდა ჰქონდა გულში…. ჩვენგან წასვლის სევდა… ორი ბიჭის უმამოდ დატოვების სევდა, ცოლის მიტოვების სევდა, დედის დაუსრულებელი ტირილის სევდა, ძმამკვდარი დების ტკივილის სევდა. ახლობლებთან, მეგობრებთან განშორების სევდა ჰქონდა გულში.
ღმერთო! შენიანია ეგ კაცი, გუშინ რომ მოვიდა შენთან.”