“სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა სტრასბურის სასამართლოს 24 საათში შეუძლია გადაწყვიტოს” – ლია მუხაშავრია

"სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა სტრასბურის სასამართლოს 24 საათში შეუძლია გადაწყვიტოს" - ლია მუხაშავრიაადამიანის უფლებათა დამცველი, ადვოკატი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებებზე საუბრობს.

– ანა დოლიძე ნაციონალურ მოძრაობას ურჩევს, სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართონ 39-ე მუხლის, დროებითი ღონისძიების ამოქმედების მოთხოვნით. რამდენად გადაუდებლად განიხილავს ევროპული სასამართლო ამ საკითხს?

– სასამართლო წესების 39-ე წესი სწორედ გადაუდებელ შემთხვევებს ეხება. როდესაც პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ არის, მაშინ ევროპული სასამართლოს ან პალატის პრეზიდენტი გადაწყვეტილებას 24 საათის განმავლობაში იღებს. ვერ გეტყვით, სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს თუ არა დროებითი ღონისძიების ამოქმედების მოთხოვნით, მაგრამ მათ საფუძველი ნამდვილად აქვთ, იცოდნენ, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ რომელ საავადმყოფოში მოხდება გადაყვანა.

– ციხის საავადმყოფოში ადეკვატურად ვერ იქნება სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული?  

– დიახ, სწორედ ესაა საქმე. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატიმრები იზოლირებულნი არ არიან. საერთო პალატებია, რომლებიც არ იკეტება. საავადმყოფოს მთელ პერიმეტრზე პატიმრები შეუზღუდავად, თავისუფლად გადაადგილდებიან. პატიმრები ერთმანეთისგან იზოლირებულები არ არიან. ეს არის არსებითი საკითხი. ამიტომ მართლაც უსაფრთხოების საკითხია აქ მთავარი და არა ის, თუ რამდენად ადეკვატური სამედიცინო მომსახურებაა შესაძლებელი.

– შეიძლება, მისი პრეზიდენტობის დროინდელი პატიმარიც კი იყოს იმ საავადმყოფოში.

– რა თქმა უნდა!  მე ნამყოფი ვარ ამ საავადმყოფოში და უვადო პატიმრებიც მყავს ნანახი. ამიტომ უსაფრთხოების საკითხი გადამწყვეტია, მით უფრო, სააკაშვილი 27-დღიანი შიმშილობის შემდეგ ფიზიკურად დაუძლურებულია და, თუ თავს დაესხმებიან, თავს ვერ დაიცავს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა