“ჩემი ცოლის დაქალებში” ბაქარ ორჯონიკიძის გმირს ახალი პატრნიორი ჰყავს – გოგონა მისივე სოფლიდან, რომელიც მოსწონს.
როლს ნანცო ცხვირაშვილი თამაშობს. ის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობია.
ნანცო ცხვირაშვილი:
– ყველა მსახიობისთვის საოცნებო ზარი მქონდა – ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. ამ როლისთვის მსახიობ გოგოს ეძებდნენ. თეკლა ჯავახაძემ გამიწია რეკომენდაცია და დიდი მადლობა მას ასეთი ნდობისთვის. შემდეგ, ტრადიციულად, სცენარი გადმომიგზავნეს, ჩავწერე სინჯი და გავაგზავნე.
– თქვენი თამაში დამაჯერებელია – ბევრს მოეწონა… თავად რას იტყვით პერსონაჟზე?
– მიხარია, თუ ეს ასეა, თუმცა ყველაფერს მაინც მაყურებელი გადაწყვეტს… ჩემს პერსონაჟს რაც შეეხება, პერსპექტიული გოგო მგონია, ვნახოთ, რა გზით განვითარდება მისი ამბავი. ჯერჯერობით დედის რჩევებს იზიარებს და თვითონაც საკმაოდ დაკვირვებულია, მოზომილი, თან, მეოცნებე, ვითომ ცოტა გულუბრყვილოც. ამ ეტაპზე პატარა სივრცეშია და ამიტომ რთულია, მთლიანად მისი ხასიათი გამოჩნდეს, თუმცა ამითაც საინტერესოა.
– მოგწონთ ბაქარის პერსონაჟი?
– ცალსახად საინტერესო სახეა, არაერთგვაროვანი. ადვილად ვერ ახსნი, როგორია და თუ ეპითეტია საჭირო, ალბათ უფრო პატივმოყვარე, კარიერისტი. მომწონს პარტნიორის რანგში და არა ბაქარის ტიპი ცხოვრებაში.
– ე.ი. ბუბა, როგორც მსახიობი, კარგი პარტნიორია…
– პერსონალური მადლიერება ბუბას. კარგი პარტნიორის დამსახურებაა, თუ მაყურებელს ჩემი პერსონაჟიც მოეწონა. მისმა ბუნებრივობამ გამათამამა.
– რას უსურვებთ თქვენს გმირს?
– მაყურებლის ფავორიტობას ვუსურვებ. ოღონდ, მანამდე საინტერესო გზას და თავგადასავლებს, განვითარებას, ახალი თვისებების გამოვლენას. რაც ყველაზე მთავარია, სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას სერიალში.
ამბები