თეა გვასალია – “ცაგარელს დავუჯერე და ღორის ფორმის ყულაბაში მონეტები ჩავყარე… ეგეთი საშინელი წელი ცხოვრებაში არ მქონია”

თეა გვასალია - "ცაგარელს დავუჯერე და ღორის ფორმის ყულაბაში მონეტები ჩავყარე... ეგეთი საშინელი წელი ცხოვრებაში არ მქონია"თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:

“ყველა ქვეყანაში სულ ცოტა ერთი ისეთი ადგილი მაინც მოიძებნება, ტურისტს რომ გეუბნებიან: ამას ხელი შეახე/შემოუარე/მონეტა ჩააგდე/წერილი დატოვე… და სურვილი აგისრულდებაო. ჰოდა, თუკი სადმე ვარ ნამყოფი იმ ასაკში, ცხოვრება რომ იოლი და ია-ვარდით მოფენილი გგონია, ყველას ენდობი და დრო ნელა გადის, ყველა ასეთ ადგილას ერთ სურვილს ვუთქვამდი: ამის შემდეგ ისევ ესპანეთში მომიწიოს წასვლამთქო და რომ ამიხდებოდა ხოლმე, (არ ვიცი რა ჯადოსნური ძალით, მაგრამ კი მიხდებოდა პანტაპუნტით), ისე მიხაროდა, თითქოს ნობელის პრემია, ოლიმპიადის მოგება ან ჰოლივუდის ვარსკვლავობა მქონოდა ჩათქმული . ახლა, როცა ნებისმიერ წუთს შემიძლია ესპანეთში წასვლა, ერთი-ორი სხვა, უფრო ყოფითი სურვილი დამიგროვდა და ამ გაგანია პანდემიაში აქეთ-იქით რომ არ ვიწანწალო, აქ არაფერი გეგულებათ სურვილებს რომ ასრულებდეს?
P.s. საახალწლო რიტუალები არ შემომთავაზოთ. ერთადერთხელ დავუჯერე ცაგარელს, ღორის წელი დგებოდა და დაგვმოძღვრა, ღორის ფორმის ყულაბაში მონეტები ჩაყარეთ, გარშემო ხილი შემოუწყვეთ და საოცარი წელი გექნებათო . მე კიდევ, არ ვიცი საიდან, ალბათ ვინმემ მაჩუქა, ზუსტად ღორის ფორმის ყულაბა აღმომაჩნდა სახლში, არიქა, ავშენდითქო, ვიფიქრე, გავტენე მონეტებით, წინ იმდენი ხილ-ბოსტნეული, კანფეტი და გოზინაყი დავუდე, მთელ კოლტს ეყოფოდა და ისეთი საშინელი წელი ცხოვრებაში არ მქონია . მომდევნო თვეები წინ რომ ჩავუვლიდი და შე უსინდისო, რა დაგაკელითქო, ვეკითხებოდი, ისე საყვარლად მიღიმოდა ვარდისფერი დინგით, რომ გასატეხადაც არ მიბრუნდებოდა ხელი.”