ვინ არის „ექსტრემისტი“, რომელსაც პუტინი 30 წლით ციხეში გამოკეტვას უპირებს

ვინ არის „ექსტრემისტი“, რომელსაც პუტინი 30 წლით ციხეში გამოკეტვას უპირებს„არ იდარდოთ, გარეთ არაუგვიანეს 2051 წლის გაზაფხულამდე გამოვალ.“-წერს ადამიანი, რომელიც ჯერ კრემლის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, შემდეგ კი ექსტრემისტად გამოაცხადეს. ის დიდი ხანია ვლადიმერ პუტინს მოსვენებას არ აძლევდა, სარგებლობდა რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის პატივისცემით, ამხელდა კრემლის რეჟიმს და ცდილობდა მშვიდობიანი აქციებით, ეს რეჟიმი შეეცვალა. ეს ადამიანი ალექსეი ნავალნია. ის გამოსასწორებელ კოლონიაში უკვე ???? იმყოფება, იმ სასჯელის ვადა, რომელსაც ნავალნი ახლა იხდის, 2023 წელს იწურება. თუმცა,  პუტინს მისი მაინც იმდენად ეშინია,  რომ მის წინააღმდეგ კიდევ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ნავალნის  კრემლი ექსტრემისტული საზოგადოების დაფუძნებას და ხელმძღვანელობას ედავება. ამ ბრალდებით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 10 წელია. სულ მის წინააღმდეგ აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე, ხოლო შეკრებითობის პრინციპით, ყველა განაჩენის მიხედვით, მას ციხეში ყოფნა 30 წელი მოუწევს. ფაქტობრივად, რუსეთის ხელისუფლებამ  მშვიდობიანი მიტინგების გამართვა, ორგანიზება ტერაქტებთან და მკვლელობებთან გაათანაბრა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ნავალნიმ 2014 წელს  ექსტრემისტული ორგანიზაცია შექმნა, რომელსაც  შეუერთდნენ ვოლკოვი და ჟდანოვი. უწყების აზრით, ეს ექსტრემისტული ორგანიზაცია  ნავალნის სახელგანთქმული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდია“. ამ ორგანიზაციის და ნავალნის შტაბების საქმიანობა უკვე აიკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან ოფიციალურად ისინი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. სწორედ ეს აღმოჩნდა პასუხი იმ ჟურნალისტურ გამოძიებებსა თუ მშვიდობიან აქციებზე, რომელთა ჩატარებასაც  ნავალნი და მისი თანაგუნდელები ბედავდნენ.

ვინ არის „ექსტრემისტი“, რომელსაც პუტინი 30 წლით ციხეში გამოკეტვას უპირებსრუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ ექსტრემისტული ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა  მიმართული იყო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის დისკრედიტაციის, რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციისა და მოსახლეობაში საპროტესტო განწყობის შექმნისკენ. თუმცა, ნავალნის მომხრეებიც და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და სახელმწიფოებიც კი თვლიან, რომ ალექსეი ნავალნი არა ექსტრემისტი, არამედ პოლიტპატიმარია. Amnesty International-ი მას სინდისის პატიმრად თვლის.

ვინ არის „ექსტრემისტი“, რომელსაც პუტინი 30 წლით ციხეში გამოკეტვას უპირებსმას მერე, რაც თავად ნავალნიმ მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალდებების შესახებ გაიგო, ირონიული საჯარო მიმართვა გააკეთა: „აღმოჩნდა, რომ მე უკვე 7 წელია „რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზაციას ვახდენ და აქტიურად მოვუწოდებ ტერორისტული საქმიანობისკენ. ოკ. გამოდის, რომ ჩემს წინააღმდეგ 4 საქმეა. აქედან ორი ბრალდების მიხედვით დამემატება თითოზე 10 წლამდე პატიმრობა. მესამეზე-3 წელი მეკუთვნის, მეოთხეზე-6 თვემდე პატიმრობა. თუ კი ამ ვადებს ერთმანეთს მიუმატებენ უკვე მოხდილი პატიმრობის გარეშე, 23 წელი გამომდის. რა თქმა უნდა, შეუძლიათ კიდევ რამე მომიგონონ, მაგრამ მაინც განაჩენების შეკრებითობით, 30 წელზე მეტი არ გამოდის. ამიტომ, არ იდარდოთ, გარეთ არაუგვიანეს 2051 წლის გაზაფხულამდე გამოვალ.“

ვინ არის „ექსტრემისტი“, რომელსაც პუტინი 30 წლით ციხეში გამოკეტვას უპირებსდღეს, რუსეთში არ არსებობს არანაირი სამართალი, არაფერი ცივილიზებული, მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის სასტიკი ჩახშობა  და არსებობს მხოლოდ პუტინის ნება. მას ჰგონია, რომ ნებისმიერი მისი დანაშაული, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევა და ოპონენტების ასეთი დევნა დაუსჯელი რჩება და ის საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ყველაფერს აკეთებს. თუმცა, ის, რაც რუსეთის სპეცსამსახურებმა ალექსეი ნავალნის მიმართ ჩაიდინეს, კვლავ იწვევს ცივილიზებული მსოფლიოს შეშფოთებას და მიუღებლობას. „ნოვიჩოკით“ პოლიტიკოსის მოწამვლა და სიკვდილის პირამდე მიყვანა ვერ იქნება მისაღები ვერავისთვის. ამიტომაც დღემდე ეს საკითხი აქტუალობას არ კარგავს და სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, კრემლისთვის მუდმივ „თავის ტკივილს“ წარმოადგენს.  რამდენიმე დღის წინ, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, ტექნიკური სამდივნოს მეშვეობით, 2020 წელს ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან დაკავშირებით რუსეთს   ოფიციალური კითხვებით მიმართა. ეს 4 კითხვა  ამ ორგანიზაციის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას პასუხების გასაცემად 10 დღე აქვს. თუ კი რუსეთის ფედერაციის პასუხები კითხვების ავტორებს არ დააკმაყოფილებს, ისინი დადგენილ პროცედურებს მიმართავენ, მათ შორის  სპეციალური სესიის გამართვაც იგულისხმება ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.

ლევან შონია