“4 შვილის დედა იყო, მე-5-ზე ორსული” – ოზურგეთში მარინა მურვანიძე-ცერცვაძეს მანქანა ზურგიდან დაეჯახა

"4 შვილის დედა იყო, მე-5-ზე ორსული" - ოზურგეთში მარინა მურვანიძე-ცერცვაძეს მანქანა ზურგიდან დაეჯახაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საგზაო მაგისტრალზე, ავტოავარიით 4 შვილის დედა, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელიც მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ.

შემთხვევა 13 ნოემბერს საღამოს მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის , 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„გურია ნიუსს“ სოფელ მერიიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალი მარინა მურვანიძე-ცერცვაძეა, რომელიც იმავე სოფელში, დედასთან იმყოფებოდა  და იქედან შინ, სოფელ მერიაშივე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბრუნდებოდა.

გზაზე მიმავალს, იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ზურგიდან დაეჯახა.

_ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. საცოდაობაა. შვილები ყველა არასრულწოლოვანია და მერიის საჯარო სკოლის მეცხრე, მერვე და მეოთხე კლასებში სწავლობენ. ერთი სასკოლო ასაკის ჯერ არ არის. ქალბატონი, როგორც შემდეგ გაირკვა, ფეხმძიმედ იყო მეხუთე ბავშვზე. ავტომანქანის მძღოლიც მერიის მკვიდრი აღმოჩნდა, _ უთხრეს “გურია ნიუსს” სოფელში.