ანა ბუჩუკური – “ჩვენი პარტია არც “ოცნებას” მიეკედლება და არც ნაციონალებს”

ანა ბუჩუკური - "ჩვენი პარტია არც "ოცნებას" მიეკედლება და არც ნაციონალებს"“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ხელისუფლებისთვის დიდი კომფორტია.

– ანუ, თავისდაუნებურად ნაციონალური მოძრაობა მუშაობს “ქართულ ოცნებაზე”?

– ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა რომ არ არსებობდეს, “ქართული ოცნების” პერსპექტივა მცირდება. “ქართული ოცნება” რომ არ არსებობდეს, ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივაც მცირდება. ეს არის ორი რადიკალური პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებიც ერთმანეთს კვებავენ და ასაზრდოებენ, რადგან ერთს მეორესგან მტრის ხატი აქვს შექმნილი და ამით ინარჩუნებს ელექტორატის გარკვეულ ნაწილს.

– ოპოზიცია გსაყვედურობთ, რომ რამდენიმე საკრებულოში ოპოზიციას მთლიანობაში შეგეძლოთ უმრავლესობის შექმნა, თუმცა თქვენ არ დაეხმარეთ ოპოზიციას უმრავლესობის შექმნაში. რატომ არ დაასუსტეთ ხელისუფლება თუნდაც რამდენიმე მუნიციპალურ დონეზე?

– ჩვენი დაარსების დღიდან ვემხრობით კოალიციას, მაგრამ ამაში იგულისხმება სისტემური კოალიცია. დომინანტი ორი პოლიტიკური ძალისთვის პირადი პოლიტიკური ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც ხალხს აწუხებს და ეს ხომ ჩანს?!

– კი, მაგრამ მთავარ პოლიტიკურ მონსტრს რაღაც ფორმით ხომ დაასუსტებდით და უმრავლესობის შექმნა იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ თქვენი პირობები არ გქონოდათ მისი ფორმირებისას?

– ჩვენ ამომრჩეველმა ხმა იმიტომ მოგვცა, რომ არც ერთი უნდა და არც მეორე. ასეთი დაახლოებით 140 ათასი ადამიანია, რომელმაც ორივე ძალას უთხრა უარი და გადაწყვიტა, რომ მანდატი ჩვენთვის მოეცა. ამ დროს პარტია “საქართველო” რომ “მიეკედლოს” რომელიმეს, ეს ხომ ჩვენი ამომრჩევლის დავალების შეუსრულებლობა იქნებოდა?! კითხვაზე, რატომ არ ვუერთდებით მათ, პასუხი არის, რომ დღეს როგორც ისინი იქცევიან, არ არის ორიენტირის აღება ქვეყანასა და მოქალაქეზე.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა