“გახარია დღეს შეშინებული ბავშვივით იქცევა” – რამაზ საყვარელიძე

"გახარია დღეს შეშინებული ბავშვივით იქცევა" - რამაზ საყვარელიძეექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ ჩანს გიორგი გახარია.

– თუ ასე გააგრძელა, მაშინ მესამე ცენტრისა და ალტერნატივის განცდა კი არა, ხალხს გაუჩნდება აზრი, რომლის მომწიფებასაც ხელს უწყობს ხელისუფლება, რომ გახარიას პარტია ნაციონალური მოძრაობის სატელიტია.

მე იმ ადამიანთა რიგს ვეკუთვნი, რომელთათვისაც არაა დამაჯერებელი, რომ გახარია ნაციონალების სატელიტია, მაგრამ მოქმედების ლოგიკაა ყოველთვის გადამწყვეტი და არა ის, ვინ რას იტყვის. ასეთი ნეიტრალური პოზიციით შორს ვერ წავლენ. ნეიტრალიტეტსაც აქვს ფორმა. შეუძლიათ, ერთიც გააკრიტიკონ და მეორეც. რაღაც ღიმილისმომგვრელი სიჩუმეა. შეშინებული ბავშვები ჩუმად რომ არიან, უფროსები რომ არ გააბრაზონ, დაახლოებით ისეთი სურათი გვაქვს.

– რანაირად უნდა დააფიქსიროს პოზიცია გახარიამ?

– თუ პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი ხარ, შენი სათქმელი ყოველთვის უნდა თქვა. შენს მხარდამჭერებს მაინც უნდა უთხრა, რა პოზიცია გაქვს და სად ხედავ გამოსავალს. თუ იმას ელოდებიან, როდის გაირკვევა სიტუაცია და მერე ჩაერთვებიან პროცესებში, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს თავის განზრახვაში, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა და ასე ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ.

ახლა ყველაზე კარგი შესაძლებლობა აქვთ, რომ სიტუაციის განმუხტვაში თავიანთი როლი ითამაშონ და საზოგადოებას გამოსავალი შესთავაზონ, დაამტკიცონ, რომ შესწევთ ძალა, იყვნენ მესამე პოლუსი.

უნდა ვისწავლოთ შიგნით პრობლემის მოგვარება და ეს ჩვენივე ძალებით უნდა ვქნათ, მაგრამ ამას გაცნობიერება სჭირდება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა